„კვარასთან თამაში გოგლიჩიძისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - იტალიური მედია ქართველებს აფასებს
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
ხვიჩა ანტონიო კონტემ 76-ე წუთზე დავით ნერეშით შეცვალა, საბა გოგლიჩიძემ კი მასპინძელთა შემადგენლობაში 78 წუთი ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა.
ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება:
Calcionapoli1926 – 6.5 ქულა: სხვების მსგავსად, მასაც ცოტა მომენტი ჰქონდა და მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელისგან უფრო მეტია მოსალოდნელი. როდესაც ბურთს ფლობს, ზედმეტად ჯიუტი ხდება, ბურთის გაცემის მაგივრად, მეტოქეებს ეჯახება. მეორე ტაიმში თავისი ხასიათი თერთმეტმეტრიანის მშვიდად შესრულებით გვაჩვენა, რამაც გუნდს ჯერ უპირატესობა, შემდეგ კი გამარჯვება მოუტანა. ამის შემდეგ, მეტოქის დაცვაზე ზემოქმედება ვერ მოახდინა, რის გამოც, კონტემ მისი შეცვლა და დასვენება გადაწყვიტა.
Sport.Virgilio – 6.5 ქულა: საკმაოდ მოსაწყენი რბოლისას თერთმეტმეტრიანი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. სხვა ნათელი მომენტი არ ჰქონია.
Tuttonapoli – 6.5 ქულა: ნაკლებად აქტიური იყო და ეს გარკვეულწილად იმანაც გამოიწვია, რომ სპინაძოლასგან აქტიური მხარდაჭერა არ ჰქონდა. მეორე ტაიმში შედარებით უკეთესი იყო და შესანიშნავი პენალტის წყალობით გაიტანა გოლი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
Tuttomercatoweb – 6 ქულა: ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა. მისი დრიბლინგიც მცირე რაოდენობით იყო და გოგლიჩიძესთან ქართულ დუელიდან ძირითადად დამარცხებული გამოდიოდა. თერთმეტმეტრიანი მშვიდად და აუღელვებლად გარდასახა გოლში, რომელმაც გუნდს სამი ქულა მოუტანა. ამან მისი შეფასება გადაარჩინა, რადგან სხვა შემთხვევაში, მისთვის საუკეთესო თამაში არ ყოფილა.
Calciomercato – 6.5 ქულა: რთული სტარტი გამოუვიდა და თავისი ადგილის პოვნა გაუჭირდა. საბოლოოდ, პენალტის გოლად გარდასახვა შეძლო, რითაც ანგარიში 1:0 გახადა.
საბა გოგლიჩიძის შეფასება:
Calciomercato – 6 ქულა: მთავარი ამოცანა თანამემამულე კვარას განეიტრალება იყო, რომელიც კარგად შეასრულა. იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს სივრცეებს კარგად უზღუდავდა.
Tuttomercatoweb – 6 ქულა: მისთვის სასიამოვნო გამოწვევა იყო, რომ თანამემამულე კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ერთ-ერთი სიტუაციაში, კვარამ ჩვეულ სტილში სცადა, რომ მას გასცდენოდა, თუმცა, გოგლიჩიძეს ფეხების არ აუკანკალდა.
8 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 19 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, „ემპოლი“ კი 10 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
კვარას გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება, „ემპოლი“ სტუმრად „პარმას“ შეხვდება.