კვარას გამარჯვების გოლი - გოგლიჩიძის ემპოლის დასანანი მარცხი
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა, საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის’’ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
სანახაობრივი კუთხით ძალიან ცუდი თამაში იყო, „ნაპოლის’’ შეტევების განვითარება ძალიან უჭირდა, „ემპოლი’’ თავს კარგად იცავდა, თუმცა ერთი მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, როცა სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს და ხვიჩა კვარაცხელიამ შანსი გამოიყენა - 0:1.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
როგორც ქართველმა შემტევმა, ასევე „ნაპოლის'' სხვა შემტევებმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს, შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ, მაგრამ ერთმა მომენტმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.
მეორე ტაიმში საბა გოგლიჩიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ორი ორთაბრძოლიდან ორივე „ემპოლის'' მცველის გამარჯვებით დასრულდა.
Sofascore-ს მონაცემების მიხედვით, საბა ბურთს 42-ჯერ შეეხო, 35-დან 31 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე 4-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და მისი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება კვარას, ბურთს 30-ჯერ შეეხო, 15-დან 13 პასი ზუსტი იყო, დრიბლინგის სამი მცდელობიდან სამივე წარუმატებელი გამოვიდა, მინდორზე 8-დან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა მოიგო.
საბა გოგლიჩიძემ, კვარას მსგავსად, სასტარტოში ითამაშა, ქართველი ფეხბურთელები მეორე ტაიმში შეცვალეს, კვარა - 76-ე წუთზე, გოგლიჩიძე - 78-ე წუთზე.
გოგლიჩიძემ სერია A-ში ზედიზედ მე-6 მატჩი სასტარტოში ითამაშა, გასულ ხუთ შეხვედრაში არ შეუცვლიათ, მატჩის ბოლომდე მოედანზე იყო, პირველად „ნაპოლისთან'' შეცვალეს.
8 ტურში „ნაპოლიმ'' 19 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, „ემპოლიმ'' 8 ტურში 10 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზეა.