კარისკენ ერთხელ დაარტყა | ქოჩორაშვილი ყოფილ გუნდთან დამარცხდა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-10 ტურში „კასტელონმა’’ შინ „ლევანტეს’’ 2:0 მოუგო. ამ მარცხის შემდეგ „ლევანტე'' 15 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვა, ამ მომენტში „ლევანტე'' მეორეადგილოსან „სარაგოსას'' მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
„ლევანტეს’’ სასტარტოში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა, 78-ე წუთზე შეცვალეს. Sofascore-ს სტატისტიკის მიხედვით 29-დან 22 პასი ზუსტად შეასრულა. კარისკენ დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა (არაზუსტი). მინდორზე 9-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო.
ქოჩორაშვილისთვის „კასტელონი’’ კარგად ნაცნობი გუნდია, 2022-23 წლების სეზონი „ლევანტედან’’ იჯარით „კასტელონში’’ გაატარა. მაშინ გუნდი რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა და მიზანი ლა ლიგა 2-ში აღზევება იყო. სამწუხაროდ, იმ სეზონში „კასტელონმა’’ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ქოჩორაშვილისთვის კარგი სეზონი გამოვიდა, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. 2023 წლის ზაფხულში „ლევანტეში’’ დაბრუნდა და მას შემდეგ მუდმივად პროგრესირებს.
მიმდინარე სეზონის ლა ლიგა 2-ში 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
მომდევნო ტურში „ლევანტე'' „დეპორტივოს'' მიიღებს (24 ოქტომბერი).