ვირცი დე ბრუინის ნაცვლად? - სიტი ბელგიელის შემცვლელზე ჩამოყალიბდა
„მანჩესტერ სიტი“ ბელგიელი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის შემცვლელის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა. Goal.com-ის ცნობით, „ქალაქელები“ ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატად ფლორიან ვირცს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, თუ 33 წლის დე ბრუინი ზაფხულში საუდის არაბეთს მიაშურებს, „სიტი“ ფსონს ახალგაზრდა გერმანელზე გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ვირცის გადაბირება სურს მიუნხენის „ბაიერნსაც“. არსებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა ვირცის გარემოცვასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თავად ფეხბურთელი ასევე მიიჩნევს, რომ უცხოეთში გადასვლამდე გერმანიაში განვითარება უნდა გააგრძელოს, „ბაიერნი“ კი ამისთვის საუკეთესო ვარიანტად ესახება.
Goal.com-ი ასევე აღნიშნავს, რომ ვირცს „ლივერპული“, „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალიც“ აკვირდებიან. „ლევერკუზენში“ ამბობენ, რომ ვირცის გერმანულ კლუბში გაყიდვა არ სურთ.
ახალგაზრდა გერმანელის კონტრაქტი 2027 წელს იწურება, ხოლო ვირცის გაყიდვის შემთხვევაში „ლევერკუზენი“ სულ მცირე 90 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.