ირაკლი ხოშტარია: „ჯიკიჩს მეტი დრო სჭირდება“
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს შანსი ჰქონდა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრილიყო, მაგრამ ალექსანდრ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია და წლის მთავარი სპორტული ფორუმის მიღმა დარჩა. წარუმატებლობის მიზეზებზე ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი ხოშტარიამ, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული, Crystalsport-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
რა თქვა ხოშტარიამ
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი წარუმატებლობა პირველ რიგში სამწვრთნელო ცვლილებით იყო გამოწვეული. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ალექსანდარ ჯიკიჩი ცუდი სპეციალისტია, თუმცა მას საკუთარი ხედვებისა და ტაქტიკური იდეების მოთამაშეებამდე მისატანად ცოტა დრო ჰქონდა.
ამას დაემატა ბექა ბურჯანაძის და გიორგი შერმადინის არყოფნა. ეს უკანასკნელი სოლიდური ასაკის მიუხედავად, ნაკრებისთვის ახლაც უდიდეს ძალას წარმოადგენს და მისი ყოფნის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლოა სულ სხვაგვარად ყოფილიყო.
თაობათა მტკივნეული პროცესი ეროვნულ ნაკრებში უკვე დაწყებულია და ამას ვერსად გავექცევით. თუმცა, ჩემი აზრით შენგელია-შერმადინის დუეტს სარგებლის მოტანა კიდევ რამდენიმე წელი შეეძლებათ, განსაკუთრებით თოკოს.
უზომოდ მიხარია, რომ ევროტურნირებზე შარშან „თსუ“-მ ითამაშა, ხოლო წელს „ქუთაისი“ ასპარეზობს. თუმცა, განვითარებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და საჭიროა ყოველწლიურად ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ჩვენი ქვეყნის 2-3 წარმომადგენელი მაინც გამოდიოდეს.
შარშანდელი სეზონის მსგავსად, ირაკლი ხოშტარია წელსაც გურჯანიის „დელტას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს და როგორც თავად განაცხადა, ფაქტიურად ახალი გუნდის შენება უწევს, რადგან წინა სეზონთან შედარებით ბევრი ახალი სახე გამოჩნდა.