La Repubblica: ნერეში კვარასთვის სერიოზული საფრთხეა
წინა ორი სეზონის მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ წამყვანი ფიგურაა და ამას კარგი ასპარეზობის გარდა, სოლიდური სტატისტიკითაც ადასტურებს. პარტენოპეის 77-ე ნომრის ანგარიშზე შვიდი ტურის შემდეგ 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.
მიუხედავად ამისა, წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემები დაჟინებით წერენ, რომ 23 წლის ქართველის ნაცვლად „ემპოლისთან“ შეხვედრაში ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა დავიდ ნერეში დააყენოს. La Repubblica-ს ცნობით, ნეაპოლური გუნდის დამრიგებელი ბრაზილიელის პროდუქტიული თამაშით აღფრთოვანებულია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მაინც მოასწრო.
გარდა ამისა, კონტე თვლის, რომ მისი ასეთი გადაწყვეტილება სამომავლოდ კვარას პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ის ამით იგრძნობს, რომ შეუცვლელი ფიგურა არ არის. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ხვალ ტოსკანაში „ემპოლის“ შეხვდება, რომლის დაცვის შეუცვლელი ფიგურაც ახალგაზრდა ქართველი უკანა ხაზელი საბა გოგლიჩიძეა.