იაშვილის ლამაზი გოლები | საქართველოსა და ლატვიის ლეგენდების მატჩი ფრედ დასრულდა
ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა 8 გოლი იხილეს.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-12 წუთზე, ლადო დვალიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც „იაშკამ“ ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა. მე-17 წუთზე, სანდრო კობახიძემ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა.
30-ე წუთზე, იაშვილმა კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა. ალექსანდრემ წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:0. ლატვიელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ჩამორჩენა შეამცირეს და თავი ედგარს გაურაჩმა გამოიჩინა.
გაურაჩმა 49-ე წუთზე დუბლი მიითვალა, ალექსანდრს ცაუნამ კი 67-ე და 74-ე წუთებზე, ორი გოლი გაიტანა და ლატვია 4:3 დაწინაურდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე დაფიქსირდა. ლევან კობიაშვილმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იონანიძემ გარდასახა - 4:4.