შენგელიას 17 ქულა - ვირტუსი მონაკოსთან დამარცხდა
საკალათბურთო ევროლიგის IV ტურში „ვირტუსი“ სტუმრად „მონაკოსთან“ 16-ქულიანი სხვაობით, 85:101 დამარცხდა და დარჩა ტურნირის ერთადერთ გუნდად, რომელსაც ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია. მასპინძლების უპირატესობა 40 წუთის განმავლობაში თვალშისაცემი იყო და მათ ბოლონიელებს ოთხივე მეოთხედში აჯობეს. წაგებაში სტუმართა შორის კი ყველაზე ნაკლები ბრალი თორნიკე შენგელიას მიუძღვის, რადგან ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო.
საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 29 წუთში 17 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ათიდან ხუთი ორქულიანი და შვიდიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. ხუთიდან სამ შემთხვევაში ბურთი დაცვაში, ორჯერ კი შეტევაში თამაშისას მოხსნა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და მატჩი პერსონალური ჯარიმის გარეშე დაასრულა.
ოთხ ტურის შემდეგ ოთხი წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში ბოლონიელები 23 ოქტომბერს, სტუმრად „პარტიზანს“ შეხვდებიან, იქამდე კი, 20 ოქტომბერს, იტალიის პირველობაზე „ტორტონასთან“ საშინაო თამაში ელით.