კვარა სამეულშია - სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ავტორიტეტულმა ვებ-გვერდმა Transfermarkt-მა იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოქვეყნდა და ხვიჩა კვარაცხელია ბუნებრივია ამჯერადაც მოწინავეთა შორისაა. „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს, ის „ინტერის“ ნახევარმცველ ნიკოლო ბარელასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს და მხოლოდ ნერიაძურის არგენტინელ ფორვარდს, ლაუტარო მარტინესს (110 მლნ) ჩამორჩება.
ყველაზე ძვირადღირებულებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი მოქმედ ჩემპიონს ჰყავს - მარტინესისა და ბარელას გარდა ათეულში ალესანდრო ბასტონი (მე-5 ადგილი, 75 მლნ) და მარკუს ტიურამი (მე-6 ადგილი, 65 მლნ) არიან. დუშან ვლაჰოვიჩის (მე-7 ადგილი, 65 მლნ), ბრემერისა (მე-9 ადგილი, 60 მლნ) და დუგლას ლუისის (მე-10 ადგილი, 55 მლნ) სიაში სამი „იუვენტუსელია“. კიდევ ორი პოზიცია ათეულში კი „მილანის“ პორტუგალიელ და ფრანგ ლეგიონერებს, რაფაელ ლეაუსა (მე-4 ადგილი, 75 მლნ) და ტეო ერნანდესს (მე-8 ადგილი, 60 მლნ) უკავიათ.
შეგახსენებთ, რომ შვიდი ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა.