გია გეგუჩაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

„მჯერა, ჩემზე უკეთესი შედეგები ექნება“ - გეგუჩაძე ჭიაბრიშვილზე

უკანასკნელ წლებში „დინამო ბათუმის“ წარმატებები გია გეგუჩაძესთან ასოცირდება - მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ Crystalbet ეროვნული ლიგა 2 მოიგო და ელიტაში აღზევდა, ხოლო მოგვიანებით გამოცდილმა სპეციალისტმა  ბათუმელებს ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. დიდია მისი წვლილი 2023 წელს მოპოვებულ კლუბის მეორე ჩემპიონობაში, როდესაც მან შუა სეზონში პოსტი დატოვა, თუმცა იმ დროისთვის ბათუმელები სატურნირო ცხრილის ლიდერები იყვნენ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდნენ.

გეგუჩაძის ნაცვლად ანდრეი დემჩენკოს დანიშვნამ რომ არ გაამართლა, ამაზე წლევანდელი სეზონის შედეგებიც მეტყველებს - მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის შენარჩუნების შანსი ლამის პირველივე წრეში დაკარგა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებმა უკრაინელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითეს, ხოლო მის ნაცვლად დღეს გიორგი ჭიაბრიშვილი წარადგინეს, რომელმაც სამწვრთნელო საქმეში პირველი ნაბიჯები სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით გადადგა. ამ უკანასკნელმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბათუმელების ახალი დამრიგებლის გარდა, როგორც ეროვნული, ასევე 21-წლამდე ნაკრების ასპარეზობაზეც გააკეთა კომენტარი.

გია გეგუჩაძე

გიორგი ჭიაბრიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება და მჯერა, რომ „დინამო ბათუმში“ უფრო დიდ შედეგს მიაღწევს, ვიდრე მე მივაღწიე. ჩემი წამოსვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებს თავიდანვე მასზე რომ შეეჩერებინათ არჩევანი, გუნდი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა.

ოქტომბერში განცდილი ორი მარცხის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პროგრესის გზას ადგას და მერწმუნეთ, საგანგაშო არაფერი მომხდარა. ტაქტიკის შეცვლის გამო, ვილი სანიოლს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ როგორც მწვრთნელი მის თითოეულ გადაწყვეტილებას ასი პროცენტით ვეთანხმები და მივესალმები.

მახარებს ის ფაქტი, რომ ეროვნული გუნდის გზას ფეხდაფეხ მიყვება ახალგაზრდული ნაკრებიც, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა. რამაზ სვანაძის განკარგულებაში უნიჭიერესი თაობაა და მართალია ხორვატიის სახით ურთულესი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ცნობისათვის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, 2018-2023 წლებში ყველა ტურნირზე გამართული 188 მატჩიდან „დინამო ბათუმმა“ 108 მოიგო, 46 ფრედ დაასრულა და 34-ში დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უცხოელების ხარისხი ადგილობრივებისას არ აღემატება“ - გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე
“უცხოელების ხარისხი ადგილობრივებისას არ აღემატება“ - გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე