ჭიაბრიშვილი მოგებით იწყებს - დინამომ ბათუმში გაგრა დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა. პირველი გოლი მე-15 წუთზე ბუბაქარ ტამბედოს პასით მარიო ბალბურდიამ გაიტანა. ტაიმის მიწურულს წითელი ბარათი „გაგრას“ ფეხბურთელმა, გიორგი უბილავამ მიიღო, პირველი ტაიმი კი ბათუმელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ ერთი ბურთი გაქვითა.
მალევე, 71-ე წუთზე არტემ მილჩენკომ ლამაზი დარტყმით „დინამოს“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 89-ე წუთზე ბექა გაბისკირიას პასით გიორგი ლომთაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოო ანგარიში - 3:2 დააფიქსირა.
„გაგრასთან“ მოგებული მატჩი სადებიუტო იყო გიორგი ჭიაბრიშვილისთვის, რომელმაც ბათუმური გუნდი ორიოდე დღის წინ ჩაიბარა, მას შემდეგ რაც კლუბმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლა.
29-ე ტურის დარჩენილი მატჩები 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება. შაბათს „დინამო თბილისი“ „თელავს“, ხოლო „კოლხეთი“ - „სამტრედიას“ მიიღებს. კვირას „იბერია 1999“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, „სამგურალი“ კი „დილას“ ესტუმრება.