„ჩვენი იდეაფიქსი ჩემპიონობა არც ყოფილა“ - დილას დირექტორი კლუბის მიზნებზე
სეზონის მიმდინარეობისას კლუბიდან მთავარი მწვრთნელის, რუი მოტასა და კაპიტნის, ნიკა გაგნიძის წასვლამ „დილას“ თამაშის ხარისხზე როგორც მოსალოდნელი იყო მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და პირველი წრის ჩემპიონი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რატომ ვერ შეძლო ახალი დამრიგებლის, ფრანსისკუ კაშტრუს ხელმძღვანელობით გუნდმა მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და რა მიზანი ექნებათ სეზონის დარჩენილ ნაწილში, ამასთან დაკავშირებით Crystalsport-თან გორის კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.
გიორგი ჯოხაძე
ჩვენი კლუბის ქომაგებმა კარგად იციან, რომ როგორც წესი, „დილა“ ჩემპიონატის ბოლო ცხრა ტურს კარგად ატარებს და ამჯერადაც წარმატებების იმედი მაქვს. შუა სეზონში ახალი გუნდის ჩაბარება ნებისმიერი მწვრთნელისთვის სირთულეს წარმოადგენს და კაშტრუსაც საკუთარი იდეების გასატარებლად დროც არ ეყო.
სატრანსფერო თვალსაზრისით ზაფხულშიც კარგად ვიმუშავეთ და „დინამო თბილისიდან“ იჯარით ნოდარ ლომინაძე დავიმატეთ. ის ჩვენთანაც შედეგიანად გამოიყურება და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის პლეი ოფის საგზურის მომტანი გოლი გაიტანა. დავიტოვებთ თუ არა მას ამ სეზონის შემდეგაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული - „დინამო თბილისის“ საბოლოო გადაწყვეტილებაზე და ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე.
ჩვენი მიზანი სეზონის დაწყებამდე ევროტურნირის საგზურის მოპოვება იყო და მაინცდამაინც ჩემპიონობა „დილას“ იდეაფიქსი არ ყოფილა. ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსურად ჩვენზე გაცილებით შეძლებული კლუბია, „იბერიას“ კი საოცრად კარგი ახალგაზრდები ჰყავს. ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედია, საჩემპიონო მარათონი ბოლომდე დაძაბული იქნება.
ცნობისათვის, „დილადან“ წასული პორტუგალიელი სპეციალისტის რუი მოტას ხელმძღვანელობით სომხეთის „ნოამ“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის „შკენდიას“, მალტის „სლიემას“, საბერძნეთის „აეკისა“ და სლოვაკეთის „რუზემბეროკის“ დამარცხებით ისტორიულ წარმატებას მიაღწია და უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა. ამ გუნდის წარმატება კი შემთხვევითობა რომ არ იყო, ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში დადასტურდა, როდესაც სომხებმა საკუთარ სტადიონზე ჩეხეთის „მლადას“ 2:0 მოუგეს.