„კრიტიკა ვერაფერს დააკლებს“ - ქოჩორაშვილის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უკრაინელებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს მიხაილო მუდრიკის გოლით მოუგეს, შეტევა კი მოედნის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა. თუმცა, რამდენად დიდი ძალაა ის გუნდისთვის, მომდევნო ტურშივე გამოჩნდა, როდესაც ქოჩორას გარეშე მოთამაშე ქართველები საკუთარ სტადიონზე ალბანელებთან დამარცხდნენ. ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში „ლევანტეს“ ნახევარმცველის თამაში Crystalsport-თან ინტერვიუში მისმა ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი დეკანოსიძემ შეაფასა, რომელიც მას ჯერ „დინამო თბილისის“, ხოლო შემდეგ „იბერიას“ აკადემიაში ავარჯიშებდა.
რას ამბობს დეკანოსიძე
ქართველებს საერთოდ გვახასიათებს ერთ დღეს ფეხბურთელის ქებით ცამდე აყვანა და მეორე დღეს გაკრიტიკება. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გიორგის იმ ეპიზოდში მარტივად ეთამაშა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი გარკვეულ მომენტში ინდივიდუალურად მოქმედებს და მაშინ მან ასე გადაწყვიტა. არა უშავს, ქოჩორაშვილი ძლიერი ფსიქოლოგიის ადამიანია და მას ეს უსამართლო კრიტიკა ვერაფერს დააკლებს.
რაც შეეხება მთლიანად საქართველოს ნაკრებს, რთული თვე გამოვიდა და ამ ორ შეხვედრაში 2 ქულაც რომ აგვეღო, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია და წარმატებას ხშირად წარუმატებლობას მოსდევს.
Crystalbet ეროვნულ ლიგაზე კარგის ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, რადგან როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებია. კლუბების უმეტესობას საკუთარი სავარჯიშო ბაზა არ გააჩნია და სანამ უფრო მეტი ფული არ ჩაიდება, განვითარებაზე ფიქრიც კი უაზრობაა.
საჩემპიონო ბრძოლაში „იბერიასა“ და „ტორპედოს“ სახით ორი მთავარი ფავორიტია. ქუთაისელებს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ, თბილისელების მთავარი პლუსი კი შეთამაშებული შემადგენლობაა - წლებია ეს მოთამაშეები ერთად მოდიან და მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.
შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გიორგი დეკანოსიძე თითქმის ყველგან გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტად მუშაობდა და ბუნებრივია დავინტერესდით განიხილება თუ არა მისი „დინამო ბათუმის“ სამწვრთნელო შტაბში შეყვანა, თუმცა ამაზე მას ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვს.