„ადრე თუ გვიან ეს მოხდება...“ - პეპმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ „ქალაქელებში“ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. „ქალაქელთა“ თავკაცის თქმით, კლუბში მას საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადებასთან დაკავშირებით არანაირი დედლაინი არ აქვს დაწესებული.
რა თქვა პეპმა:
„კლუბს არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ ამა და ამ დღემდე ჩემი გადაწყვეტილება უნდა გავაცნო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ ვარიანტები იმ შემთხვევისთვის, როდესაც პეპი წავა. ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ისინი მზად უნდა იყვნენ. ეს მოულოდნელობა არ იქნება.
ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. თუ კლუბი მკითხავს, ვინ უნდა გაწვრთნას „სიტი“ ჩემ შემდეგ, მე ვეტყვი ჩემს აზრს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არა მე, არამედ კლუბმა უნდა მიიღოს“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ პეპ გუარდიოლას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმაზე, რომ „სიტიდან“ წასვლის შემდეგ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ამ თანამდებობაზე ოფიციალურად ტომას ტუხელი წარადგინეს.
აქვე გეტყვით, რომ გუარდიოლა „სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. „ქალაქელებთან“ ერთად მან 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი, თითო ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.