ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას 5-წლიანი სანაკრებო სუპერსვლა ერთ სტატიაში

38 მატჩი, 17 გოლი, 7 საგოლე პასი - მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 23 წლის ასაკში მსგავსი სტატისტიკა ექნება. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამის გაკეთება შეძლო და აქ მხოლოდ ციფრებზე არ არის საუბარი - მის გარეშე საქართველოს ეროვნული გუნდის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გარდა იმ ენით აღუწერელი საფრთხისა, რომელსაც კვარა მეტოქე გუნდის მცველებსა და მეკარეს უქმნის, თავისი მოედანზე ყოფნით მინიმუმ სამი მცველის ყურადღებას იქცევს, რითაც თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტსაც ერთიორად ზრდის.

მართალია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მისი კარიერა ახლა იწყება, მაგრამ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, ბევრ ვეტერანს რომ შეშურდებოდა. ხვიჩა უკვე ხუთ წელიწადზე მეტია საქართველოს ნაკრების წევრია და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთი სწორედ მის გამოჩენასთან ერთად გაცოცხლდა და მთავარი დამსახურება კვარას მიუძღვის იმაში, რომ თამაშამდე ერთი თვით ადრე, ნაკრების საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთის ყიდვა შეუძლებელია და ქვეყანაში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. როგორ იწყებოდა მისი კარიერა „ჯვაროსნებში“ და რა გზა გაიარა აქამდე კვარაცხელიამ, ეს ყველაფერი ალბათ ნებისმიერი ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოდ გასახსენებელია.

2019 წელს, იური სიომინის მომზადებულ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოჩნდა 18 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ბუნებრივია, კვარაცხელიას პროგრესი ვლადიმირ ვაისს არ გამორჩენია და ეროვნულ ნაკრებში უხმო. მისი დებიუტი „ჯვაროსნების„ შემადგენლობაში 2019 წლის 7 ივნისს, გიბრალტართან (3:0) საშინაო შეხვედრაში შედგა  და მართალია მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, თუმცა საოცარი ფინტებითა და ორიგინალური გადაცემებით ქართველი გულშემატკივარი მაშინვე დაარწმუნა, რომ მათ თვალწინ არა რიგითი ნიჭიერი ფეხბურთელი, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი ყალიბდებოდა.

ცოტა უცნაურია, მაგრამ სადებიუტო მატჩში კარგი შთაბეჭდილების მოხდენის მიუხედავად, მეორე სანაკრებო თამაში ხვიჩამ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის 5 სექტემბერს გამართა და ქართველებმა სტუმრად ესტონეთი 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების ბურთი კი ნიკოლოზ კაჭარავამ სწორედ კვარას ჩაწოდებით გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩა ზედიზედ სამი მატჩი გამორჩეული იყო - 8  სექტემბერს ჩრდ.მაკედონიასთან (1:1) და 8 ოქტომბერს ბელარუსთან (1:0) თორნიკე ოქრიაშვილმა სწორედ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტები გაიტანა. სადებიუტო სანაკრებო გოლი კი, თანაც ძალიან ეფექტური კვარაცხელიამ 2020 წლის 14 ოქტომბერს სკოპიეში ჩრდ.მაკედონიელებთან (1:1) მიითვალა, როდესაც თავი ცვლილებაზე შესვლიდან 4 წუთში გამოიჩინა.

ქართულ ფეხბურთში მეტეორივით შემოჭრილი საოცარი ფეხბურთელის იმედზე იყო სრულიად საქართველო 2020 წლის ერთა ლიგის ფინალში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს იძლეოდა, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, რაც როგორც ხვიჩას პირადი ტრაგედია გახლდათ, ასევე საქართველოს ნაკრებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი. ის ჩრდილოეთ მაკედონიელებთან გადამწყვეტ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაავადდა და თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა - შედეგად თბილისში ფინალი 0-1 წავაგეთ და ქართული ფეხბურთი დადგა სერიოზული საშიშროების წინაშე რომ იმ ჭაობში დაბრუნებულიყო, სადაც ხვიჩას გამოჩენამდე იმყოფებოდა.

ვაისის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლმა ჩაიბარა და 2021 წლის მარტში მისი ხელმძღვანელობით გამართული სამი მატჩიდან გუნდმა ერთი ფრედ დაასრულა და ორი წააგო. ცუდი შედეგების მიუხედავად კვარაცხელია საოცარი იყო - მან თბილისში ესპანეთს (1:2), ხოლო ათენში საბერძნეთს (1:1) ერთმანეთზე ეფექტური ბურთები გაუტანა. ეს ჯგუფური ეტაპი საერთო ჯამში ხვიჩასთვის და მისი თანაგუნდელებისთვის წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ამ შესარჩევში იყო კიდევ ერთი მატჩი, სადაც ეროვნული გუნდის შვიდიანმა საკუთარ კლასი კიდევ ერთხელ გვიჩვენა - 2021 წლის  11 ნოემბერს ბათუმში, შვედეთის ნაკრებმა და მისმა ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯგუფის ლიდერობა დაკარგეს, რაშიც უმთავრესი როლი სწორედ კვარას მიუძღვის, რადგან ქართველებმა მისი სუპერდუბლით 2:0 გაიმარჯვეს.

წინა ერთა ლიგაზე განცდილი იმედგაცრუება ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა როგორც ნამდვილ პროფესიონალებს შეშვენის, მალევე დაივიწყეს და ამ ტურნირის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპი აღმაფრენით ჩაატარეს. ეფექტური ბურთების გატანა კვარას არც ამჯერად დაუკლია მეტოქეებისთვის - საქართველოს ნაკრებმა 18 შესაძლებლობიდან 16 ქულა დააგროვა, ხვიჩას ანგარიშზე კი 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასი იყო.

ამის შემდეგ იყო ალბათ კვარას სანაკრებო კარიერაში ყველაზე უიღბლო და ცუდი პერიოდი - 2022 წლის 26 სექტემბერს მან გიბრალტარის ნაკრებში კარში პენალტი რომ გაიტანა, ხუთი მატჩი თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა და ნავსი 2023 წლის 12 ოქტომბერს ტაილანდათან (8:0) სპარინგში გატეხა. აქედან მოყოლებული კვარას მოედანი უგოლოდ ზედიზედ ოთხი მატჩი არ დაუტოვებია და სამ შემთხვევაში მას ასისტენტად გიორგი ჩაკვეტაძე მოევლინა.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან ერთა ლიგის ფინალურ მატჩში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია და არც 11-მეტრიანების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია, საბოლოო გამარჯვებაში ხვიჩას ღვაწლი ფასდაუდებელი გახლდათ. ევროპის ჩემპიონატზე კი სწორედ მაშინ გაიბრწყინა, როდესაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან (2:0). სენსაციურად მოგებული მატჩის MVP გახდა.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, რომელიც ამჯერად უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპად განიხილება, ოქტომბრის ჩავარდნის მიუხედავად, კვარა და მისი თანაგუნდელები ჯგუფში პირველობისთვის იბრძვიან და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშები ელით.

ხვიჩას სანაკრებო კარიერა ციფრებში რომ შევაჯამოთ - გეტყვით, რომ 38 მატჩში მის ანგარიშზე 17 გოლი, 7 საგოლე პასია. ყველაზე მეტჯერ ასისტენად ხვიჩას გიორგი ჩაკვეტაძე (3) მოევლინა, 2-ჯერ საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილმა მიაწოდა, ხოლო თითოჯერ ნიკოლოზ კვეკვესკირის, ვაკო გვილიას, გიორგი წიტაიშვილის, ბუდუ ზივზივაძის, სანდრო ალთუნაშვილის, ოთარ კაკაბაძისა და გიორგი მიქაუტაძის გადაცემით ისარგებლა. შვიდი საგოლე გადაცემა თავად ხვიჩამ შვიდ სხვადასხვა თანაგუნდელს, ნიკა კაჭარავას, ბუდუ ზივზივაძეს, გურამ კაშიას, ზურიკო დავითაშვილს, ლევან შენგელიას, გიორგი მიქაუტაძესა და გიორგი ჩაკვეტაძეს გაუკეთა.

ეროვნული გუნდის მაისურით კვარაცხელიამ 21 ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა და 11 მათგანის კარის აღება მოახერხა. მის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა 20 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო (გიბრალტართან, მონღოლეთთან, რუმინეთთან, ლუქსემბურგთან), 6 ფრედ დაასრულა და 10 წააგო. ხვიჩასთან ერთად გამართული 38 შეხვედრიდან კი ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა 19-ში გაიმარჯვა, 8 ფრედ დაასრულა, 11 წააგო და მეტოქე გუნდების კარში 65 ბურთი გაიტანა, საიდანაც 24-ში (17 გოლი, 7 საგოლე პასი), კვარა უშუალოდ მონაწილეობდა.

თემურ ქეცბაიასთან (17) ერთად, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს და ერთპიროვნულ რეკორდსმენს შოთა არველაძეს 9 ბურთით ჩამორჩება. ყველა დროის ასისტენტთა დავაში კი, ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეზე (10) სამი ასისტით ნაკლები აქვს გაკეთებული.

ზემოთ უკვე ვახსენეთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ნოემბერში ბოლოს ნათამაშები მატჩი როგორც დაასრულა და რა დღეში ჩააგდო ხვიჩამ იბრაჰიმოვიჩის შვედეთის ნაკრები. მომოდევნო თამაში კი კვარას და მის თანაგუნდელებს, რომლებიც ოქტომბერში განცდილი ორი მარცხით გაბრაზებულები იქნებიან, სწორედ აჭარის დედაქალაქში აქვთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ხვიჩა მორიგ შოუს ამჯერად უკვე უკრაინის ნაკრებთან დადგამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„8 მილიონი? კვარა ბელინგემივით ჩემპიონი არ არის, რომ ამდენს ითხოვს“
„8 მილიონი? კვარა ბელინგემივით ჩემპიონი არ არის, რომ ამდენს ითხოვს“