„შეტევაში უფრო ეფექტური უნდა გახდეს“ | ფროზინონეს თავკაცი კვერნაძეზე
„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.
„კვერნაძემ აჩვენა, რომ კარგად სათამაშოდ საჭირო პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და უნდა გაიგოს, შეტევით ფაზაში უფრო ეფექტური როგორ იყოს. საგოლე გადაცემების გაკეთებისა და კარში ზუსტად დარტყმების მხრივ, უნდა მოუმატოს, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვებს, შეუძლიათ, ამ სიტუაციიდან ამოგვიყვანონ“.
ცნობისთვის, სერია B-ს 8 ტურის შემდეგ, „ფროზინონეს“ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. კვერნაძის გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა და „ფროზინონე“ სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გამართავენ და „რეჯანას“ დაუპირისპირდებიან.
კვერნაძეს რაც შეეხება, მას მონაწილეობა 7 შეხვედრაში აქვს მიღებული - 6-ჯერ სერია B-ში, ერთხელ - იტალიის თასზე. გიორგიმ მოედანზე 250 წუთი გაატარა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია.