ზურიკო დავითაშვილი, ოლივიე დალ\\\'ოლიო
Aa
Aa

ეს გვეხმარება სიურპრიზების შეთავაზებაში - სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა

„სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ „ლანსთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილსა და სხვა გარემარბებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბევრს მუშაობენ, რომ თითოეულმა გარემარბმა ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად ითამაშოს, რაც მეტოქეებისთვის მოულოდნელობების შექმნის წინაპირობაა.

ოლივიე დალ’ოლიო: „ზურიკოს პოზიცია? ის ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე თამაშობს... მე გავიგე შემტევების წუხილების შესახებ, მაგრამ მინდა შემტევებს ორივე ფლანგზე განსხვავებული სპეციფიკით თამაში შეეძლოთ. ზოგჯერ, შემტევები ცუდ ფეხზე დგებიან, თამაში არ გამოსდით, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ორივე ფლანგზე ერთნაირად ეფექტიანები იყვნენ. ეს გვეხმარება, რომ მეტოქეს მოულოდნელობები შევთავაზოთ’’.

ზურიკო, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა გარემარბია, „ოსერთან’’ ჰეთ-თრიკი შეასრულა და 3-დან 2 გოლი მარცხენა ფლანგზე აქტიურობის შემდეგ შეაგდო. ამ მხრივ, ქართველ ფეხბურთელს პრობლემა არ აქვს, ორივე ფლანგზე ამწვავებს შეტევებს. ასევე, გასულ სეზონში „ბორდოში’’ თამაშისას ხშირად ფორვარდის უკან მოქმედებდა და შეტევის გამწვავებას ცენტრიდან ცდილობდა, მრავალმხრივია.

23 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 3 გოლი შეაგდო („ოსერი'') და 2 საგოლე პასი („ლილი'', „ნანტი'') შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები