არ მიყვარს დაპირებები, რომელთაც ვერ შევასრულებ - ჭიაბრიშვილი ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელია
საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს’’ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა. ჭიაბრიშვილმა უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვალა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „რამდენიმე დღის წინ, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი. შევთანხმდით, რომ ამიერიდან აჭარულ კლუბს ვუხელმძღვანელებ. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო'' 42 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამე საფეხურზე მყოფ „იბერიას'' 13 ქულით ჩამორჩება. ჭიაბრიშვილის დებიუტი დღეს შედგება, 29-ე ტურში ბათუმის „დინამო'' „გაგრას'' მიიღებს (20:00).
45 წლის სპეციალისტი დაახლოებით 1-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ბოლოს, ჭიაბრიშვილი თბილისის „დინამოს’’ წვრთნიდა, 2023 წლის ზაფხულში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ევროტურნირებზე წარუმატებლად ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე „ასტანასთან’’ დამარცხდა, რასაც კონფერენს ლიგაზე მალტურ „ჰამრუნთან’’ მარცხი მოჰყვა. „ჰამრუნთან’’ მატჩის შემდეგ „დინამოსა’’ და ჭიაბრიშვილის გზები გაიყო.
ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს ჩემპიონატი სამ გუნდთან ერთად მოიგო, „ზესტაფონთან'' (2011-12), „იბერია 1999''-თან (2018) და თბილისის „დინამოსთან'' (2022). მისი სამწვრთნელო კარიერიდან ასევე გამოსარჩევია თბილისის „ლოკომოტივში'' გატარებული პერიოდი, როცა ევროპა ლიგაზე რუმინული „კრაიოვა'' და მოსკოვის „დინამო'' დაამარცხეს, მესამე ეტაპზე „გრანადას'' დაუპირისპირდნენ, ესპანურმა გუნდმა 2:0 მოიგო.