ბათუმის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

გუნდის შენებას თავიდან ვიწყებთ - ჭიაბრიშვილი ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელია

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს’’ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა. ჭიაბრიშვილმა უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვალა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „რამდენიმე დღის წინ, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი. შევთანხმდით, რომ ამიერიდან აჭარულ კლუბს ვუხელმძღვანელებ. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.

ჩემთვის დიდი პატივია, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა. ვიცი, რა მასშტაბის კლუბია "დინამო" - ჩემპიონ გუნდში მოსვლას მწვრთნელისთვის, პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მინუსი ის არის, რომ ამ გუნდმა რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, იმდენი რამე მოიგო, რომ... ძნელია, კიდევ ბევრ რამეს მიაღწიო, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მჯერა ერთობლივად რასაც დავგეგმავთ, გამოგვივა. ვფიქრობ, ბოლო წლებში ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ რა ატმოსფეროც სუფევდა სტადიონზე, როგორი მხარდაჭერაც იგრძნობოდა გულშემატკივრების მხრიდან, ის დაბრუნდეს. თავი რომ იგრძნო კარგად, მწვრთნელად, ფეხბურთელად, სივრცე არის საჭირო. ეს იყო ერთ-ერთი სივრცე, სადაც მწვრთნელად ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს, მოწინააღმდეგეთა შორის ვიყავი.

არ მიყვარს ისეთი დაპირებები, რომლის გაკეთებაც არ შემიძლია. ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილში ქვევით ვერ ჩავალთ, თუმცა ვერც მაღალ საფეხურებზე ვიქნებით, რადგან ქულათა სხვაობა ბევრია, თამაშები კი ცოტაა დარჩენილი. ვეცდებით, მომავალში თამაშის ხარისხი გამოვასწოროთ, შევჯერდეთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მომავალში გამოგვადგებიან. ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებთ გუნდის შენებას.

მჯერა იმ ადამიანების, ვინც დამხვდნენ გუნდში. მჯერა იმ ადამიანების, ვინც მოვლენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე სტაფის წევრები. იმედი მაქვს, ერთმანეთის გვერდში დგომითა და დაუღალავი შრომით, მიზანს მივაღწევთ''.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო'' 42 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამე საფეხურზე მყოფ „იბერიას'' 13 ქულით ჩამორჩება. ჭიაბრიშვილის დებიუტი დღეს შედგება, 29-ე ტურში ბათუმის „დინამო'' „გაგრას'' მიიღებს (20:00).

45 წლის სპეციალისტი დაახლოებით 1-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ბოლოს, ჭიაბრიშვილი თბილისის „დინამოს’’ წვრთნიდა, 2023 წლის ზაფხულში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ევროტურნირებზე წარუმატებლად ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე „ასტანასთან’’ დამარცხდა, რასაც კონფერენს ლიგაზე მალტურ „ჰამრუნთან’’ მარცხი მოჰყვა. „ჰამრუნთან’’ მატჩის შემდეგ „დინამოსა’’ და ჭიაბრიშვილის გზები გაიყო.

ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს ჩემპიონატი სამ გუნდთან ერთად მოიგო, „ზესტაფონთან'' (2011-12), „იბერია 1999''-თან (2018) და თბილისის „დინამოსთან'' (2022). მისი სამწვრთნელო კარიერიდან ასევე გამოსარჩევია თბილისის „ლოკომოტივში'' გატარებული პერიოდი, როცა ევროპა ლიგაზე რუმინული „კრაიოვა'' და მოსკოვის „დინამო'' დაამარცხეს, მესამე ეტაპზე „გრანადას'' დაუპირისპირდნენ, ესპანურმა გუნდმა 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები