ემპოლისთან კვარას ნაცვლად ნერეში დაიწყებს? | რას ამბობენ იტალიელი ჟურნალისტები
იტალიელმა ჟურნალისტებმა, უმბერტო კიარიელომ და ლუკა მარკეტიმ „ნაპოლიში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. კიარიელო ვარაუდობს, რომ არის შანსი, მომდევნო შეხვედრა, რომელსაც „პარტენოპეი“ „ემპოლისთან“ გამართავს, ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს, ძირითადში კი დავიდ ნერეში გამოჩნდეს. მარკეტის ამ თემაზე ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს.
„კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში არ იმყოფება, ნერეშს კი ნეაპოლი არ დაუტოვებია და გუნდთან ერთად, სისტემატურად ვარჯიშობს. შესაძლოა, ემპოლისთან მატჩში ანტონიო კონტემ სიურპრიზი შემოგვთავაზოს და სასტარტოში ნერეშს დააწყებინოს. ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი სკამზე გადაინაცვლებს და ადგილს დაკარგავს, უბრალოდ ნერეშმა მასზე მეტი ივარჯიშა და ჩვეულებრივი როტაცია იქნება“, - ამბობს კიარიელო.
„ანტონიო კონტემ ძალიან კარგად იცის, გუნდი როგორ მართოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ნერეშს შეუძლია, კვარაცხელიას ან პოლიტანოს ადგილს დაემუქროს, რადგან საოცარი უნარები აჩვენა, თუმცა, საჭიროა, მოთმინება გამოვიჩინოთ, რათა კვარაცხელიამ არც თუ ისე კარგი პერიოდი დაძლიოს. ხვიჩა კვლავინდებურად აღმაფრთოვანებელ ფეხბურთელად რჩება, რომელსაც შეუძლია, განსხვავება შექმნას, რადგან დაუჯერებელი სისწრაფე აქვს“.
ცნობისთვის, ნერეშს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა სერია A-ს 6 შეხვედრაში მიუღია და მის ანგარიშზე გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „კვარას“ მონაგარი 2 გოლი და 3 ასისტია.