ვარდნები, მოედნის ხედვა, ჩაწოდებები, ტექნიკა | ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, საბა ხარებაშვილი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. Football Talent Scout-ი ცნობილი ვებგვერდია, რომელიც საკუთარ მკითხველს პერსპექტიულ ფეხბურთელებს აცნობს და ამჯერად, საბაზე ილაპარაკა.
„საბა ხარებაშვილი დინამო თბილისის აკადემიას წარმოადგენს, რომელსაც ბოლო წლებში, გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები აღუზრდია. მათ შორის, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა და ზურიკო დავითაშვილი. საბამ ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2024 წლის 26 აპრილს, 15 წლის, 7 თვისა და 23 დღის ასაკში ჩაატარა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში სისტემატურად იძახებენ და 17-წლამდე გუნდის კაპიტანია.
ძლიერი მხარეები: ტექნიკა (ძალიან ძლიერია), უნივერსალურობა (ძალიან ძლიერია), ჩაწოდებები (ძალიან ძლიერია), პასები (ძალიან ძლიერია), სტანდარტული მდგომარეობები (ძალიან ძლიერია), ფიზიკური მონაცემები (ძალიან ძლიერია), სამუშაო ეთიკა (ძალიან ძლიერია), სისწრაფე (ძლიერია), ვარდნები (ძლიერია), ხედვა (ძლიერია), პოზიციის შერჩევა (ძლიერია).
რა აქვს გასაუმჯობესებელი: მეორე სართულზე ორთაბრძოლისას, საკუთარი სიმაღლე და ძალა უკეთ უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, ეს ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოვა.
სათამაშო სტილი: ფლეიმეიქერის უნარების მქონე განაპირა მცველი. მრავალმხრივი და ტაქტიკურად ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, სხვადასხვა პოზიცია და როლი ბრწყინვალედ მოირგოს. მაგალითად, ბურთის გამთამაშებელი ცენტრალური მცველი სამცველიან ტაქტიკაში. სწრაფი და მოქნილია. ტექნიკურია და ბურთი კარგად უჭირავს. არ ჩქარობს და ფრთხილად არჩევს მომენტს, როდის შეუტიოს. საშუალოზე მაღალი მოედნის ხედვა და პასების გაკეთების უნარი. იდეალური ფეხბურთელი ბურთის ფლობაზე ორიენტირებული გუნდისთვის. წნეხსა და პრესინგს კარგად უმკლავდება. ზუსტი და ძლიერი ვარდნები აქვს. შეუპოვარი, თავდადებული და გუნდზე ორიენტირებული მოთამაშეა“, - წერს Football Talent Scout-ი.
ცნობისთვის, ხარებაშვილი უეფა-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. საბამ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 15 წლისა და 10 თვის ასაკში ითამაშა.