რამაზ სვანაძე: სასურველი იქნებოდა, პირველი მატჩი გასვლაზე გვეთამაშა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც კონტინენტის პირველობის საგზურისთვის ქართველი 21-წლამდელების მეტოქე ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები იქნება.
როგორც სვანაძემ მედიას განუცხადა, სასურველი იქნებოდა, პირველი თამაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გასვლაზე ჩაეტარებინა.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე სწორედ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები იქნება. პირველი მატჩი საქართველოში 15 ნოემბერს, საპასუხო კი ხორვატიაში - 19 ნოემბერს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი საგზურის მფლობელი ფინეთი-ნორვეგიის და ბელგია-ჩეხეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას კი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურები უკვე მოიპოვეს დანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, უკრაინამ და სლოვაკეთმა, როგორც ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ.