საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„ძალიან ნიჭიერი გუნდი ჰყავთ““ - ივიცა ოლიჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან დაგეგმილი მატჩის შესახებ ისაუბრა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის ძლიერ მხარეს გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, ქართული ფეხბურთი ახლა აღმავლობის გზაზეა, ხოლო ეროვნული ნაკრების წარმატებებით გამოწვეული პოზიტიური განწყობა ახალგაზრდულ ნაკრებშიც გადადის.

რა თქვა ოლიჩმა:

„საქართველომ ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე, შვედეთზე წინ დაასრულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხარისხიანი და სერიოზული გუნდია. მათ უკვე აჩვენეს, თუ როგორი სახიფათოები არიან. ყველასთვის ნათელია, რომ მათ ჰყავთ ძალიან ნიჭიერი გუნდი, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებით ყოფნა გვმართებს, კარგად უნდა მოვემზადოთ.

მეტოქის არასათანადოდ შეფასებას ადგილი არ ექნება, ვინაიდან მათ დაამტკიცეს, რომ საჭირო დონეზე არიან. ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რაც პირველი ნაკრების წარმატებებიდანაც ჩანს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ეს ეიფორია და პოზიტიური განწყობა ახალგაზრდულ ნაკრებშიც გადადის, რაც ასევე გვიზრდის მოტივაციას, რომ ამ გამოწვევას მომზადებულები შევხვდეთ“.

შეგახსენებთ, რომ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე სწორედ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები იქნება. პირველი მატჩი საქართველოში 15 ნოემბერს, საპასუხო კი ხორვატიაში - 19 ნოემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი საგზურის მფლობელი ფინეთი-ნორვეგიის და ბელგია-ჩეხეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას კი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის საგზურები უკვე მოიპოვეს დანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, უკრაინამ და სლოვაკეთმა, როგორც ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რწმენა, ერთიანობა, პატრიოტიზმი - სვანაძემ წარმატების მიზეზებზე ისაუბრა
რწმენა, ერთიანობა, პატრიოტიზმი - სვანაძემ წარმატების მიზეზებზე ისაუბრა