რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

„მასთან ახლა ისე ვარ, როგორც ინტერში ლაუტაროსთან ვიყავი“ - ლუკაკუ კვარაზე

„ნაპოლის“ ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ერთ-ერთ პოდკასტში „ინტერში“ გატარებულ დროზე, ანტონიო კონტესთან მუშაობაზე და ამჟამად „პარტენოპეიში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ლუკაკუს თქმით, „ინტერში“ მას და ლაუტაროს მოედანზე უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, ახლა კი იგივე მასსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ხდება.

რა თქვა ლუკაკუმ:

„როდესაც „ინტერში“ ჩავედი, კონტემ მითხრა: „ჩემს სათამაშო სქემაში ბურთს დიდხანს ვერ შეინარჩუნებ, მალევე უნდა დააბრუნო - არაა საჭირო, რომ ლაუტაროსავით ითამაშო. მეც და ლაუტაროსაც გვესმოდა, რომ ერთმანეთისთვის პასები უნდა მიგვეცა და რომ მისი სათამაშო თვისებები კარგად ესადაგებოდა ჩემს სათამაშო თვისებებს.

ასევე იდეალურად ვჯდებოდი კონტეს სათამაშო სქემაში. პასების გაკეთებაზე იმდენს ვმუშაობდით, რომ ზუსტად ვიცოდი, სად წავიდოდა ლაუტარო, სანჩესი ან სხვა, ვინც მათ ნაცვლად ითამაშებდა. ახლა იგივე ხდება კვარაცხელიასთან. კონტეს ეს კარგად გამოსდის: ის ქმნის პარტნიორობას ფეხბურთელებს შორის“.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ მიმდინარე წლის ზაფხულში „ნაპოლიში“ ლონდონის „ჩელსიდან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლაუტარო მარტინესთან ერთად ბელგიელმა მილანის „ინტერში“ 3 სეზონი გაატარა და მილანურ კლუბს სკუდეტო, იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. 2021 წელს ლუკაკუ იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ცნობისთვის, „პარტენოპეის“ რიგებში ლუკაკუმ 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ ნერეში კვარას პოზიციაზე რამდენჯერმე ათამაშა“ - რას წერს იტალიური მედია
„კონტემ ნერეში კვარას პოზიციაზე რამდენჯერმე ათამაშა“ - რას წერს იტალიური მედია