ფერგიუსონს მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში შესვლა აუკრძალეს - Daily Mail
სერ ალექს ფერგიუსონს მატჩების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
თავად „წითელ ეშმაკებში“ უარყოფენ, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს გუნდის გასახდელში შესვლა არ შეეძლება, თუმცა ამბობენ, რომ ახლა არსებობს „კოლექტიური ურთიერთგაგება“ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შევა შიგნით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 82 წლის ფერგიუსონს კლუბის ელჩობისთვის თანხას არ გადაუხდიან. მიზეზად ხარჯების შემცირება დასახელდა.
ფერგიუსონს ამ პოსტზე ყოფნისთვის წელიწადში 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს უხდიდნენ. ის „იუნაიტედის“ ელჩი 2013 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც კლუბში 26-წლიანი სამწვრთნელო საქმიანობა დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, შოტლანდიელი სპეციალისტი ელჩის თანამდებობას ოფიციალურად სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის თანამედროვე ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს ინარჩუნებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ლეგენდარულ თავკაცს პრემიერ ლიგა 13-ჯერ აქვს მოგებული.