ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ეს იქნება ყველაზე თვალწარმტაცი 10 წამი UFC-ის ისტორიაში“ - ილია მაქსთან ჩხუბზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გამოცემა What’s On-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ მაქს ჰოლოუეისთან გასამართ ჩხუბსაც შეეხო და ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ ემზადება ის საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის.

რა თქვა ილია თოფურიამ:

„თავს კარგად ვგრძნობ, მოსამზადებელი ციკლის ბოლოსკენ გავდივარ, წონის კლების ეტაპზე ვარ და მზად ვიქნები ავიღო ის, რაც მეკუთვნის. მომზადებამ კარგად ჩაიარა. მართალი გითხრათ, ეს არ ყოფილა ყველაზე რთული მოსამზადებელი ციკლი, მაგრამ ყველაზე პროფესიონალური იყო. ყოველთვის ვცდილობ, უკეთესი გავხდე და დავხვეწო ჩემი სტილი, ამიტომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ვიცი, რომ უამრავი ქართველი და ესპანელი მგულშემატკივრობს, და მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ, თუ იცი, სად მიდიხარ. გჯეროდეს საკუთარი თავის და მიიღებ ყველაფერს, რასაც მოისურვებ. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ქმნის რეალობას.

მომწონს აბუ-დაბი, აქაურობასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, ამიტომ მიხარია აქ დაბრუნება. ასე რომ, არ გამოტოვოთ ბრძოლა, ეს იქნება ყველაზე თვალწარმტაცი 10 წამი UFC-ის ისტორიაში“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

ცნობისთვის, ჰოლოუეის კარიერაში 33 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 26 გამარჯვება და 7 მარცხია. მაქსმა ბოლო სამ ჩხუბში ჯასტინ გეიჯი, „კორეელი ზომბი“ და არნოლდ ალენი დაამარცხა.

რაც შეეხება თოფურიას, მიმდინარე წლის თებერვალში მან მეორე რაუნდში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. „ელ მატადორმა“ კარიერაში 15 ორთაბრძოლა გამართა და 15-შივე გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხაბიბმა დაგამცირა, ფლოიდმა მასტერკლასი ჩაგიტარა“ | ილიამ კონორს უპასუხა
„ხაბიბმა დაგამცირა, ფლოიდმა მასტერკლასი ჩაგიტარა“ | ილიამ კონორს უპასუხა