„საქართველოსთვის შემთხვევით რომ არ მოგვეგო...“ - რას ამბობს ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა და კომენტატორმა, ვიქტორ ლეონენკომ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.
ლეონენკომ ერთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 2 მატჩი და მათ შორის საქართველოსთან შეხვედრა შეაფასა, მოგებას კი შემთხვევითობა უწოდა.
„საქართველოს მხოლოდ ნახევარმომენტით მოვუგეთ და სხვა არაფერი. ქართველებისთვის შემთხვევით რომ არ მოგვეგო, ყველაფერი სამწუხარო იქნებოდა. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და შემთხვევით ჯგუფიდან გასვლაც კი შეგვიძლია. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, თუმცა უკრაინის ნაკრების თამაშია იოლად ამოსაცნობია.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვთამაშობთ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ყველაზე სუსტი ნაკრებია ისტორიაში“, - განაცხადა კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - ერთადერთი გოლი მიხაილო მუდრიკის ანგარიშზეა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება და მესამეადგილოსან ალბანეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. მე-4 ადგილზე კი 4 ქულით უკრაინის ეროვნული ნაკრებია.
ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. 16 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს მიიღებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.