გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

„სამწამიან ზონაში შერმადინის თამაში გარდამტეხი იყო“ - ტენერიფეს თავკაცი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე როდოსის „კოლოსოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (71:47) „ლაგუნა ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩუს ვიდორეტამ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გიორგი შერმადინი

„კარგი მატჩი ჩავატარეთ, კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მოვიგეთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. ხანმოკლე ტურნირია, ამიტომ ორი მატჩიდან ორი მოგება ძალიან გვახარებს. „კოლოსოსი“ ცდილობდა, კარგად ეთამაშა, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ მათ დარჩენილ მატჩებში“.

რაც შეეხება „ტენერიფეს“ მწვრთნელს, მან საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილება არ დამალა და გამარჯვებაში ქართველი კალათბურთელის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

ჩუს ვიდორეტა

„დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით, კარგი დაცვითი გეგმა გვქონდა და მოთამაშეებმა ის შესანიშნავად შეასრულეს. შეტევას რაც შეეხება, გარკვეული პრობლემები გვქონდა - პირველ მეოთხედში მხოლოდ 1 სროლა ჩავარდა, მაგრამ მეორე მეოთხედში დევიდ კრამერმა ტოპ დონეზე ითამაშა, ბრუნო ფიტიპალდომ და თომას სკრაბმა ორი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდეს, სამწამიან ზონაში გიორგი შერმადინის თამაში გარდამტეხი იყო“.

შეგახსენებთ, რომ „კოლოსოსთან“ მატჩში შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი და 49 წამი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში 17 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შერმადინის გუნდი თურქულ „ქარშიაკას“ ესტუმრა და 87:76 გაიმარჯვა. ამგვარად, „ლაგუნა ტენერიფეს“ ორ მატჩში ორი მოგება აქვს 4-გუნდიანი ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 29 ოქტომბერს საფრანგეთში, „სენტ კვენტინის“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, უკვე 20 ოქტომბერს „ლაგუნა ტენერიფე“ „გრანადას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიბა ევროპის თასი - ქუთაისი ბილბაოსთან დამარცხდა
ფიბა ევროპის თასი - ქუთაისი ბილბაოსთან დამარცხდა