„ვწუხვარ, რომ გერმანული პასპორტი მაქვს“ - ტუხელმა გულშემატკივრებს მიმართა
დღეს ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა. გერმანელმა სპეციალისტმა იმ გულშემატკივრებს მიმართა, რომლებსაც შესაძლოა ამ პოსტზე ინგლისელის ნახვა სურდათ.
ამასთან ტუხელმა თქვა, რომ ინგლისში დაბრუნება ყოველთვის მისი დიდი მიზანი იყო:
„ვწუხვარ, რომ გერმანიის პასპორტი მაქვს. შეიძლება გულშემატკივრები გრძნობდნენ ჩემს ვნებას პრემიერ ლიგისა და ქვეყნისადმი. მე მომწონდა აქ ცხოვრება. იმედი მაქვს, შევძლებ მათ დავანახო და დავარწმუნო იმაში, რომ ვამაყობ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვავლინო პატივისცემა ამ სამსახურისა და ქვეყნის მიმართ“.
შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „სამ ლომთან“ 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
ცნობისთვის, ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში სვენ გორან ერიქსონისა და ფაბიო კაპელოს შემდეგ, მესამე უცხოელი მთავარი მწვრთნელი იქნება.
ინგლისის ნაკრებს ბოლოს გარეთ საუდგეიტი წვრთნიდა, რომელიც გუნდში 2016 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.
საგულისხმოა, რომ ინგლისის ნაკრები საუთგეიტის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორ ფინალში დამარცხდა.
გერმანელი სპეციალისტი ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობდა და „რეკორდმეისტერიდან“ გასული სეზონის ბოლოს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ტომას ტუხელს უკვე ჰქონია ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება. 51 წლის მწვრთნელი ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.