„არაფერი აწუხებს, სათამაშოდ მზადაა“ - ფრანგული გამოცემა ზურიკოზე
სანაკრებო პაუზით გამოწვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდნენ და ეროვნული ჩემპიონატების მორიგი მატჩებისთვის ემზადებიან. ალბანეთთან მატჩის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც ვილი სანიოლს მისი შეცვლა მოუწია და თამაშში ლევან შენგელია ჩაერთო.
თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა Homme Du Match-ი წერს, ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერს“ 3 გოლი გაუტანა, ტრავმას გადაურჩა და შაბათს „ლანსთან“ სათამაშოდ მზადაა.
რას წერს ფრანგული გამოცემა:
„სენტ-ეტიენის“ ფანებს საქმე სანერვიულოდ არ აქვთ. ალბანეთთან დავითაშვილს კუნთები დაეჭიმა, რის გამოც ვილი სანიოლმა გადაწყვიტა, ფეხბურთელის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა და ის ტრავმის პრევენციის მიზნით შეცვალა.
შესაბამისად, „ლანსის“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში „სენტ-ეტიენის“ თავკაცი ოლივიე დალ’ოლიო ზურიკო დავითაშვილის გამოყენებას შეძლებს“.
ცნობისთვის, ლიგა 1-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ზურიკოს ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. სამივე გოლი ზურიკომ „ოსერს“ გაუტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 10-ქულიანი შეფასება მიიღო და ტოპ 5 ლიგების ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
„სენტ-ეტიენი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „მწვანეები“ 19 ოქტომბერს შინ, „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადავიდა.