„ბელალი ყალბი ჩემპიონია, ისლამთან პირადული არაფერი მაქვს“ | ილია თოფურია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ისლამ მახაჩევსა და ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ბელალ მუჰამედზე ისაუბრა.
„ისლამთან პირადული არაფერი მაქვს. ერთადერთი საკითხი ისაა, რომ მახაჩევი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. ჩემი მიზანი კი ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება და მომავალში მასთან ბრძოლის გამართვაა. თუ წააგო და ტიტული დაკარგა, ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო გახდება.
უბრალოდ ვთქვი, რომ მახაჩევთან ჩხუბი მსურდა და მისი ბიძაშვილები გამოვიდნენ და ამბობდნენ, ქუჩაში თუ შეგხვდებით ამას გიზამთ, იმას გიზამთო. მოკეტეთ რა! ვერაფერს გააკეთებთ. თქვენი არავის ეშინია. უსმანი? უსმან ნურმაგომედოვს სტეროიდები აღმოუჩინეს. სტეროიდები ნერვულ სისტემას აზიანებს და ყოველთვის გაბრაზებული სწორედ ამიტომაა.
ჩემი და ბელალ მუჰამედის დაპირისპირება? ის ყალბი ჩემპიონია. ნამდვილი ჩემპიონი მეტოქეებს აფინიშებს! ნამდვილი ჩემპიონი მოწინააღმდეგეებს ანოკაუტებს და საბმიშენებს უკეთებს. თუ ამას არ აკეთებ, საკუთარ თავს ჩემპიონს როგორ უწოდებ?”.
შეგახსენებთ, რომ თოფურია და მუჰამედი ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. ბელალმა „ელ მატადორს“ კოლბი კოვინგტონის ქართული ვერსია უწოდა.