კვიპროსული მედია: ქეცბაიას შეცვლამ შედეგი ვერ გამოიღო
კვიპროსის ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სექტემბერში თემურ ქეცბაიამ დატოვა, ახალი თავკაცის, სოფრონის ავგუსტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ მატჩებში ჯერ შინ რუმინეთთან 0:3, შემდეგ კი გასვლაზე კოსოვოსთან ამავე ანგარიშით დამარცხდა.
კოსოვოსთან წაგებული მატჩის შემდეგ კვიპროსულ მედიაში პარალელები გაავლეს ნაკრების ახალ და ყოფილ მწვრთნელებს შორის და გამოცემების უმეტესობამ ერთხმად აღნიშნა, რომ კვიპროსის ნაკრებს დამრიგებლის შეცვლამ არ უშველა.
Goal News: ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიას შეცვლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვიპროსელი ფეხბურთელები ოპონენტებს საგრძნობლად ჩამორჩებიან.
Super Sport: კვიპროსის ნაკრებში სოფრონის ავგუსტის დებიუტი მარცხით დასრულდა, მაგრამ, შედეგს რომ თავი დავანებოთ, არც სანახაობის მხრივ გამოიყურებოდა ეროვნული გუნდი იმაზე უკეთ, ვიდრე თემურ ქეცბაიას დროს.
24 Sports: მათ, ვინც ადრე ქეცბაიას არ ეთანხმებოდა, ახლა მოუწიათ იმის აღიარება, რომ კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელების დონესთან დაკავშირებით ის მართალი იყო.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა, თანამდებობა კი მიმდინარე წლის სექტემბერში, ერთა ლიგაზე კვიპროსის ნაკრების წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა.
მანამდე ქეცბაია ამბობდა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, რის გამოც ისინი დროის მოკლე მონაკვეთში საჭირო დონეზე 2-3 მატჩის ჩატარებას ვერ ახერხებენ.