ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ილია დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეის შანსი არ აქვს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ბევრ თემაზე ილაპარაკა და რა თქმა უნდა, მაქს ჰოლოუეისთან გასამართ სატიტულო ორთაბრძოლასაც შეეხო.

„მაქს ჰოლოუეი ჩემთან ჩხუბს თავს არიდებდა. ქამრის პრეტენდენტი მეტოქეს არ ირჩევს, ამას ჩემპიონი აკეთებს. ჰოლოუეისთან ბრძოლის სურვილი გამოვთქვი და მითხრეს, რომ მაქსი მსუბუქ წონით დივიზიონში რჩებოდა (სადაც BMF-ისთვის ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა), რათა რამდენიმე ჩხუბი გაემართა. ამის შემდეგ, ჰოლოუეის აუხსნეს, რომ ილია თოფურიასთან უნდა ებრძოლა და საბოლოოდ, თანხმობა განაცხადა, მაგრამ თავდაპირველად, ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან ავერიდებინე.

რატომ მოვისურვე ჰოლოუისთან ბრძოლა? მას ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა ჩემპიონის წინააღმდეგ უჩხუბია და თან, ჯასტინ გეიჯისთან BMF-ის სიმბოლური ქამარი მოიგო. ეს ქამარი ხორხე მასვიდალისთვისაა შექმნილი და მინდოდა, მისთვის დამებრუნებინა. BMF-ის ქამარი მასვიდალს ეკუთვნის და არა „დალოცვილ“ მაქს ჰოლოუეის.

რატომ არ ჩამოვიდა ჰოლოუეი BMF-ის ქამარს? წარმოდგენა არ მაქვს. მისი ქამარი არაფერში მჭირდება. ჩვენი ორთაბრძოლის პირველივე წამებზე გავიგებთ ნამდვილი BMF (Baddest Motherfucker) ვინ არის. ჩხუბის პირველ 10 წამში, ოქტაგონის ცენტრისკენ მივუთითებ, როგორც ეს მან ჯასტინ გეიჯისთან გააკეთა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. ბრძოლის პირველ 10 წამში, ოქტაგონის ცენტრისკენ მივუთითებ და იქ დავრჩები. მინდა, გულშემატკივრებს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მაგარი და დაუვიწყარი 10 წამი ვაჩუქო. ისინი ამას იმსახურებენ. თუ ჰოლოუეი ჩემს გამოწვევას მიიღებს და ცენტრში დარჩება, გპირდებით, რომ თავს მოვაცლი და დავანოკაუტებ. მიიღებს თუ არა ჩემს გამოწვევას? ვნახოთ! ვნახოთ მართლა BMF-ია თუ მშიშარაა, როგორც ის მებრძოლები, რომლებიც ჩემს მარცხს ვარაუდობენ.

პროგნოზები ვნახე და UFC-ის ბევრი მებრძოლი ამბობს, რომ წავაგებ. ჯანდაბაშიც წასულხართ! როცა ჰოლოუეის დავანოკაუტებ, გამარჯობაც არ მითხრათ! ისინი გველებივით არიან. უბრალოდ მინდა, ჩემს ბრძოლას უყურონ და ისწავლონ გაკვეთილი, რომელსაც ჰოლოუეის ჩავუტარებ. ჩვენი ჩხუბი ძალიან სწრაფად დასრულდება. ვიცი, რომ ჩემს დონეზე არ იმყოფება და ყველაფერი პირველ რაუნდში მორჩება.

ვოლკანოვსკი, რომელმაც ჰოლოუეი სამჯერ, მაგრად სცემა, მეორე რაუნდში დავაფინიშე. რა გაფიქრებინებთ, რომ მაქსი ერთ რაუნდს გაუძლებს? ალექსი ბევრად რთული მეტოქეა. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. ჰოლოუეი კონორ მაკგრეგორთან დამარცხდა. როცა კონორი გცემს, უნდა მოკეტო! რას ვფიქრობ მაკგრეგორის განცხადებაზე, რომ ის უფროა ესპანელი ვიდრე მე? როცა სარკეში ვიყურები და წელს ქვემოთ საკუთარ თავს ვხედავ, მგონია, რომ მე უფრო ვარ აფრიკელი, ვიდრე ფრენსის ნგანუ.

ჰოლოუეის შანსი უბრალოდ არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, არის ის, რომ მაქსი ოქტაგონზე გამოვიდეს და ჩხუბს არ ჩაეხსნას. სხვა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ვიცით, ჩემპიონი ვინაა და 26 ოქტომბერს იმასაც გავიგებთ, ნამდვილი BMF-ი ვინაა. ბრძოლის დაწყებისას ოქტაგონის ცენტრში ვიქნები, მინდა, გულშემატკივრებს ყველაზე დაუვიწყარი 10 წამი ვაჩუქო და UFC-ის ისტორიაში უსწრაფესი ნოკაუტი გავიფორმო. ხორხე მასვიდალმა ბენ ასკრენი მუხლით 5 წამში დაანოკაუტა, მე მინდა იგივე ხელებით გავაკეთო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ელ მატადორი კი არა, ლეკვია“ | მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა
„ელ მატადორი კი არა, ლეკვია“ | მაკგრეგორმა თოფურიაზე ისაუბრა