მსოფლიო ფეხბურთის 60 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტს შორის - სალიას აღიარება
Guardian-მა მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტების რეიტინგი შეადგინა.
60 ფეხბურთელში ერთ-ერთი ქართველი ვახტანგ სალიაა, რომელზეც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ნიუკასლში“ გადავიდეს.
რას წერს Guardian-ი:
„ბოლო წლებში საქართველომ ისეთი ქვეყნის რეპუტაცია მოიპოვა, სადაც ტალანტები იზრდებიან და როგორც ჩანს, კიდევ ერთი ვარსკვლავი გზაშია. ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის გარდა, რომლებიც უკვე 20 წელს გადაცილებულები არიან, ზოგიერთები სალიას ქართული ფეხბურთის მომავალს უწოდებენ და ეს უმიზეზოდ არ ხდება. სალია თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლი გაიტანა. სალია ფლობს ყველა იმ თვისებას, რომელიც ტოპ თავდამსხმელს სჭირდება - ის ტექნიკურად ნიჭიერი, სწრაფია და აქვს მახვილი თვალი გოლისთვის. მისი ხედვა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სტივენ ჯერარდისეული შორეული პასი მას გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს“.
შეგახსენებთ, რომ ვახო სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა.
17 წლის შემტევმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე „დინამოს“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Crystalsport-ის ინფორმაციით, „ნიუკასლსა“ და „დინამოს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულამდე დედაქალაქურ კლუბში დარჩება, შემდეგ კი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.