რწმენა, ერთიანობა, პატრიოტიზმი - სვანაძემ წარმატების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ფლეი-ოფში გავიდა. რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ ქართველი სპეციალისტი მედიას ესაუბრა.
რამაზ სვანაძე: „უპირველესად გამარჯვებას გილოცავთ. ჩვენთვის გამარჯვება მარტივი არ იყო, განსაკუთრებით კი 0:1-ზე თამაშის შემოტრიალება. დღევანდელ თამაშს გასდევდა შვედეთში განცდილი მარცხის კვალი. შვედეთთან მარცხის შემდეგ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორიც თამაშების მოგებას სჭირდება, მაგრამ როგორც სტაფის, ასევე ჩემი მხრიდან დიდი სამუშაო შესრულდა. ასევე, ფეხბურთელების მხრიდან, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს ვგულისხმობ, რომლებსაც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატსა და ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. ისინიც დაგვეხმარნენ კონკრეტულად დღევანდელ თამაშში. მინდა აღვნიშნო ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორშიც ჩვენ ვიყავით გაშვებულ გოლამდე. მძიმედ გამოვიყურებოდით და ეს იყო იმის კვალი, რომ ჩემი ფეხბურთელები წნეხში თამაშს მიჩვეულნი არ არიან. არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის 21-წლამდე ნაკრები, ეს არის ქვეყნის მეორე გუნდი, ეს არის გუნდი, რომელიც უპირველესად ფეხბურთელებს პირველი ნაკრებისთვის ამზადებს. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ გავაგრძელეთ ის კარგი ტრადიცია, რომელიც რამდენიმე წელია დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხელში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კვლავ წარმატებულია. მოხარული ვარ, რომ პირველად მოვედით ფლეი-ოფის ეტაპამდე და ვეცდებით, რომ წარმატებით გავაგრძელოთ, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ დღეს დამტკიცდა, რომ ერთიანობით, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით, პატრიოტიზმით და დავალების სწორად შესრულებით ფეხბურთში ბევრი რამ შესაძლებელია.
შესვენებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო სწრაფი ტემპით გვეთამაშა, მეტოქის ნახევარზე ბურთი უფრო სწრაფად გადაგვეტანა. მეორე ტაიმიც ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვინდოდა. ჩვენში აგრესია მაშინ გაჩნდა, როცა გოლი გავუშვით. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ იყო. ჩემი ფეხბურთელების უმრავლესობა მთელი სეზონის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენდა, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებით გზა სტაბილურად გავიარეთ. ვგულისხმობ, ჩვენი დონის და ჩვენზე უფრო სუსტი გუნდების დამარცხებას, ჩვენ მათთან მაქსიმუმი ავიღეთ. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ შვედეთის ნაკრები. მათი ფეხბურთელები საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ, თუმცა ჩვენ შვედეთს გავუსწარით. მარცხის მიუხედავად დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შვედეთზე კარგი გუნდი ვართ. ვგულისხმობ, როგორც ფედერაციას, ასევე სამწვრთნელო სტაფს, სამედიცინო პერსონალსა და თითოეულ ფეხბურთელს, მათ შორის მათ, ვინც კონკურენციაშია და ჯერ თამაშის შანსი არ მისცემია.
რწმენა არის ის, რასაც ამ ფეხბურთელებს ვაძლევთ. რწმენა ძალიან დიდი დოზით მიდის მათთან. გუნდურობით და ერთიანობით ყველაფრის კომპენსირება შეიძლება და ეს არის ის, რაც ჩემს გუნდს გამოარჩევს. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ფეხბურთელების მხრიდან მიმღებლობა უმაღლეს დონეზეა და ის ხდება, რასაც ბოლო 2-3 წელია ვუყურებთ’’.
სვანაძე ქომაგებზე: „დიდი მადლობა ქომაგებს, თითოეულს, ვინც აქ სტადიონზე ან ვინც ვერ ჩამოვიდა და ტელევიზორით გვადევნა თვალი. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისელ ქომაგებს, ჩემი მშობლიური მხარეა, აქ ჩამოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვარ. მინდა, ყველას ჩავეხუტო აქედან და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო’’.
საბა გოგლიჩიძის ფლეი-ოფში თამაშის შესახებ: „ვილი სანიოლთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, მაგრამ ფლეი-ოფში საბა დაგვეხმარება თუ არა, ამას ახლა ვერ გეტყვით. ეს საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად ეროვნულ ნაკრებში როგორი სიტუაცია იქნება. ასევე, როგორი ვითარება იქნება ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, თუ შესაძლებელი იქნება, რომ საბა 21-წლამდე ნაკრებთან ერთად იყოს, ეს ასე იქნება, რადგან ის აუცილებლად დაგვჭირდება ფლეი-ოფის თამაშებში’’.
პრობლემები დაცვით ხაზში: „გეთანხმებით, დაცვაში პრობლემები გვქონდა და ეს პრინციპში ახსნადია, რადგან ჩვენ გამოგვაკლდა საბა საზონოვი. საბა გოგლიჩიძის არყოფნას გამოკლებას ვერ დავარქმევ, რადგან ყველაზე მთავარი, რას შეიძლება ემსახურებოდეს 21-წლამდე ნაკრები, ეს არის ის, რომ ფეხბურთელი მოამზადოს ეროვნული ნაკრებისთვის. რაც უფრო მეტი დაწინაურდება... საკმაოდ მაღალ ციფრებზე ვართ ასული. ეს უწყვეტი ჯაჭვივითაა და ეს მხოლოდ გვახარებს და გვაბედნიერებს. სუფთა საფეხბურთო ასპექტებით ცხადია, რომ ეს ორი მოთამაშე ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა იყო. პლუს, ამას დაემატა ის, რომ მაისურაძე დისკვალიფიცირებული იყო და ამასთან ერთად საბა მამაცაშვილი ახალი გადასულია შვედეთში და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. სათამაშო პრაქტიკის მხრივ მაისურაძესაც პრობლემები ჰქონდა უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ შემადგენლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მოგვიწია. ყველაზე მეტი ცვლილება დაცვით ხაზს შეეხო. აქ მხოლოდ ცენტრალურ მცველებზე არაა საუბარი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩვენზე აისახა და ეს ლოგიკურია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ფლეი-ოფში წარმატებით ვითამაშოთ, დაცვით ხაზში პრობლემები უნდა აღმოიფხვრას, შეცდომები გამოსწორდეს. დაცვის ხაზი უნდა გაძლიერდეს. ვგულისხმობ იმ პრობლემებს, რაც თუნდაც შვედეთში გამოჩნდა. რაც შეეხება სისტემის ცვლილებას, ჯერ ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ზეგ არის წილისყრა და ზეგ გაირკვევა, თუ ვისთან გვექნება თამაში. ამის შემდეგ ანალიზის საფუძველზე გადაწყდება, 2 ცენტრალური მცველით ვითამაშებთ თუ 3-ცენტრალურ მცველიან სქემას დავუბრუნდებით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ფილოსოფია არ შეიცვლება. მცველების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, განსხვავებით წინა თაობებისგან, ჩვენ ამ თაობაში ბევრი სწრაფი გარემარბი გვყავს. ამიტომ, როცა ამ გუნდთან ერთად პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაშინ სწორედ ანალიზიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ სისტემით გვეთამაშა, როგორც ახლა ვთამაშობთ’’.
ფლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეებია: ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და ბელგია. წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ფლეი-ოფის მატჩები 11 და 19 ნოემბერს გაიმართება (შინ და სტუმრად).