ფიბა-ს ეგიდით, მერაბ რატიშვილი მე-400 მატჩს მოემსახურება
16 ოქტომბერს ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისრის, მერაბ რატიშვილის პროფესიულ კარიერაში გამორჩეული დღეა. გამოცდილი საკალათბურთო სპეციალისტი ფიბა-ს ეგიდით გამართულ მე-400 მატჩს მოემსახურება.
ეს ხვალ, ბაქოში, ფიბა ევროპის თასის მატჩზე მოხდება, რომელშიც აზერბაიჯანული საბაჰი ბერძნულ მარუსის უმასპინძლებს.
რატიშვილი საქართველოდან მარტო არ იქნება ამ მატჩის მომსახურე ბრიგადაში. მოედანზე მყოფი 3 მსაჯიდან ერთ-ერთი კირილე თვაური იქნება, რომელიც არა რატიშვილის რანგის, მაგრამ ასევე ფიბა-ს სტაჟიანი მსაჯია.
რაც შეეხება ფიბა-ს ეგიდით ჩატარებული მატჩების მომსახურებას, რატიშვილმა 400 მატჩი სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირებისას დააგროვა. ეს მოიცავს ქალთა 2 ევრობასკეტს, მსოფლიოს 2 ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ევროპის 11 ასაკობრივ ჩემპიონატს, ევროპის საკლუბო ტურნირებს და ქალთა და კაცთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებს.
ამ ტურნირების მატჩებს რატიშვილი ან კომისრის ან მატჩის დელეგატის სტატუსით მოემსახურა. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, საქართველოს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მატჩების სია შესაძლოა ათასსაც გადასცდეს.
წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია