კვარას და ნაპოლის პოზიციები შესაძლოა გამოსასყიდის დაწევამ დააახლოოს - Sky Sport
„ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ აქტუალური თემაა იტალიურ მედიაში. ამჯერად ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ცნობები Sky Sport-ის ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ გაავრცელა.
მისი თქმით, ოქტომბრის ბოლო მხარეები შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან, თუმცა მთავარ დაბრკოლებად რჩება ის რომ კვარა ხელფასის სახით კლუბის მიერ შეთავაზებულ თანხაზე 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვს.
„ფეხბურთელი 8 მილიონს ითხოვს, კლუბის ხელმძღვანელობას კი მიაჩნია, რომ კვარაცხელიას დასაფასებლად საკმარისი გააკეთეს, როდესაც მას ყოველწლიურად 6 მილიონი ევრო შესთავაზეს.
პოზიციების დაახლოება შესაძლოა გამოსასყიდის შემცირების გზით მოხერხდეს, რაც ხვიჩას მომავალში კლუბიდან წასვლას გაუმარტივებს, თუ ის კარიერის სხვაგან გაგრძელებას გადაწყვეტს. ამ ნაბიჯმა შესაძლოა განბლოკოს მოლაპარაკებების პროცესი“.
შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ანაზღაურების სახით კი 1.8 მილიონ ევროს იღებს.
ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.