პეპ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებში? - რას წერს Times-ი
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) დაუკავშირდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას და მას ინგლისის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სეზონის დასაწყისში მხარეებს შორის პირველი არაფორმალური კონტაქტი შედგა, როდესაც FA გარეთ საუთგეიტის შემცვლელს ეძებდა. Times-ი აღნიშნავს, რომ პეპი ერთადერთი კანდიდატი არაა და FA სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მაგრამ თუ გუარდიოლა, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს „სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება, „ეტიჰადიდან“ წასვლას გადაწყვეტს, ის პრიორიტეტული კანდიდატი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუარდიოლას FA-ისთვის პასუხი არ გაუცია, მაგრამ, მოსალოდნელია, რომ ის თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. რაც შეეხება „სიტის“, მათ პეპის შენარჩუნება სურთ.
აქვე გეტყვით, რომ FA-მ ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რომლებიც ინგლისის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა უნდა დააკმაყოფილოს. გუარდიოლას აქვს „ინგლისურ ფეხბურთში დაგროვებული მნიშვნელოვანი გამოცდილება, აქვს პრემიერლიგაში ან/და წამყვან საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული გამოსვლების ისტორია, და ასევე შეუძლია ინგლისელი ფეხბურთელების აღმოჩენა, გაწვრთნა და განვითარება“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ იტალიურ არხთან საუბარში გუარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
„სიტიდან“ მივდივარ? არა, ეს სიმართლე არაა. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ასევე სიცრუეა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. გადაწყვეტილება რომ მქონდეს მიღებული, ამის შესახებ ღიად ვიტყოდი... ჯერ არაფერი ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ცნობისთვის, საუთგეიტის წასვლის შემდეგ „სამი ლომის“ გაწვრთნა დროებით ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, ლი კარსლის დაევალა, რომლის ხელმძღვანელობითაც ინგლისის ნაკრები ერთა ლიგაზე შინ საბერძნეთთან დამარცხდა, შემდეგ კი სტუმრად ფინეთს მოუგო. ამის შემდეგ კარსლიმ განაცხადა, რომ ინგლისური ფეხბურთის მესვეურებმა ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი უნდა მოძებნონ, ვინაიდან მას ჯერჯერობით საჭირო გამოცდილება არ აქვს.