„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“ - გიორგი აბუაშვილი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
გამარჯვების შემთხვევაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეოფში ითამაშებს.
ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა დღევანდელი მატჩის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
გიორგი აბუაშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ახალგაზრდულ ნაკრებს გასვლის შანსი აქვს. მზად ვართ მენტალურადაც და ფიზიკურადაც, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.
ოთარ მამაგეიშვილი:
„გულშემატკივრებს ვთხოვ, როგორც ყოველთვის, გვერდში დაგვიდგნენ. ორი წელია, რაც შევიკრიბეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა ჩავდეთ, რომ დღეს ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე“.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო სტადიონის კარი 18:00 საათზე, მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. „შენგელია არენას“ სალარო მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან მუშაობს.