„კვარა სათადარიგოთა სკამზე? ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს“ | ნაპოლის ექსდირექტორი
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „პარტენოპეის“ მიერ ჩატარებული მატჩები შეაფასა და ნეაპოლელთა რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
მარინოს თქმით, კონტეს ზეგავლენა იგრძნობა ყველა ასპექტში, მათ შორის იმაში, თუ როგორ იდეალურად იმუშავა კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე.
„კონტე ფენომენალური ფსიქოლოგია. რაც შეეხება ტაქტიკურ ნაწილს, არსებობს განსხვავებული აზრები, მაგრამ ამის შესაფასებლად ყველაზე კარგი პარამეტრი არის გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება (+9), რაც შეტევასა და დაცვას შორის არსებულ სწორ ბალანსზე მიუთითებს.
რომელუ ლუკაკუ ჩემპიონია, 31 წელი დღეს ფეხბურთელისთვის არაფერია. დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ მატჩებში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
დავიდ ნერეშს კარგად გამოსდის როგორც გოლების გატანა, ისე საგოლე გადაცემების შესრულება. ეს „კომოსთან“ მატჩშიც გამოჩნდა. თუ კონტე მისი ძირითადში დაყენებას გადაწყვეტს, ჩემი აზრით, ნერეში ლუკაკუსთვის შესანიშნავი პარტნიორი იქნება.
კვარა სკამზე? თუ გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა სურს, ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს. თუ ნერეში უკეთესად გამოიყურება, მან უნდა ითამაშოს, ხოლო ქართველმა დასკვნები უნდა გამოიტანოს და საკუთარ შანსს დაელოდოს“.
ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ნერეში „ნაპოლიმ“ მიმდინარე წელს „ბენფიკადან“ 28 მილიონ ევროდ შეიძინა. სერია ა-ს 6 მატჩში ბრაზილიელის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.