„მეტოქე თავს კარგად იცავდა და თავისუფალ სივრცეს არ ტოვებდა“ - კიტეიშვილი
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს ალბანეთის ნაკრებთან მატჩი შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
რა თქვა კიტეიშვილმა:
„ძალიან დასანანია, რომ ბოლო ორ მატჩში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. გარკვეული რაოდენობის მომენტები გვქონა, განსაკუთრებით ალბანეთთან. მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავდა, პოზიციებს არ ტოვებდა და უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ დაბლა იდგა. ცენტრს საკმაოდ კომპაქტურად, მჭიდროდ გვიკეტავდნენ და ჩვენთვის, სივრცეების პოვნა რთული იყო. ამის მიუხედავად, გარკვეული მომენტების შექმნა მაინც შევძელით. თუმცა, საბოლოო ჯამში, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ალბათ, რაღაც დავაკელით და სამუშაო უფრო მეტი გვაქვს“.
„ამ ორ თამაშში გამოჩნდა, რომ საკმაოდ თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს ბოლო ორ თამაშში ჯგუფის მოგების თანაბარი შანსი ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მაქსიმალურად ვიცოდეთ, თუ რას არ ვაკეთებთ სწორად. ნოემბრის თამაშებისთვის ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და იმედი გვაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ“.
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები იმყოფება და მესამეადგილოსან ალბანეთს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. მე-4 ადგილზე კი 4 ქულით უკრაინის ეროვნული ნაკრებია.
ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. 16 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს მიიღებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.