როგორ დაიბრუნოს მერაბთან დაკარგული საჩემპიონო ქამარი | კონორის რჩევა შონ ომალის
კონორ მაკგრეგორმა შონ ომალიზე ილაპარაკა და „შუგას“ მისცა რჩევა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, იგი მერაბ დვალიშვილთან დაკარგულ საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს. ირლანდიელმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომში წაშალა, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მისი დაფიქსირება მოასწრეს.
„შონ ომალი ლეგენდაა! ის UFC-ის ჩემპიონი და საოცარი სუპერვარსკვლავია. შონს და მის მწვრთნელს, ტიმ უელჩს ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ირლანდიაში და მზად ვარ, ყველაფრის დაორგანიზება საკუთარ თავზე ავიღო.
4 კვირა ჯონ კავანასთან ერთად და გარწმუნებთ, რომ ომალი საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს. ერთი თვე, სოლიდური თვე მწვრთნელ კავანასთან (კონორის მწვრთნელი) და აშშ-ში უდიდესი ცოდნით დაბრუნდებიან, რაც ტიტულის ხელახლა დასაკუთრებაში დაეხმარებათ. ამას სიამოვნებით ვნახავდი“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „მანქანის“ მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა იყოს.