„დებიუტისას მთვრალი ვიყავი და ჰეთ-თრიკი შევასრულე“ - რას იხსენებს არსენალის ექსფეხბურთელი
არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერმეინ პენანტმა ლონდონურ კლუბში საკუთარი დებიუტი გაიხსენა.
„მეთოფეებმა“ 15 წლის პენანტი „ნოთს ქაუნთიდან“ შეიძინეს, ლონდონელების შემადგენლობაში დებიუტი კი მას 1999 წელს, ლიგის თასზე, 16 წლისა და 319 დღის ასაკში ჰქონდა. რაც შეეხება პრემიერლიგაში დებიუტს, მას პენანტი 4 სეზონი ელოდა და ეს დღე ყველაზე მოულოდნელად დადგა.
„რობერ პირესი, ფრედი იუნგბერგი და რეი პარლორი ჯანმრთელები იყვნენ და გარანტირებულად სკამზე უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თამაში არ მომიწევდა და კლუბში წავედი.
მთელი ღამე ვერთობოდი, ძალიან კარგი დრო გავატარე, იმიტომ რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეორე დღეს არათუ ძირითადში გამოსვლა, არამედ საერთოდ თამაში მომიწევდა. მანამდე „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში არასოდეს მითამაშია და არც ახლა მქონდა ამის მოლოდინი.
დილის 6 საათზე ნასვამი დავბრუნდი სახლში, დაახლოებით სამი საათი მეძინა, შემდეგ კი თამაშზე წავედი. ალკოჰოლის სუნი ამდიოდა, თავი მისკდებოდა. ამ დროს არსენ ვენგერი შემადგენლობას ასახელებს და მე ძირითადში ვარ! პატრიკ ვიეირამ მითხრა - „შენი დრო დადგა“, მე კი ვფიქრობდი - „ოღონდ დღეს არა!“
ვთამაშობდი და ვგრძნობდი, რომ კუჭი არყით მაქვს სავსე. ყველაფერი გავაკეთე, რომ არ შევრცხვენილიყავი. როდესაც გოლი გავიტანე, ცოტა გულზე მომეშვა. მივხვდი, რომ ცუდი მატჩი არ მექნებოდა“.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პენანტი არ შერცხვა - მეტიც, მან პირველივე ტაიმში, 10-წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, „არსენალმა“ კი „საუთჰემპტონს“ 6:1 მოუგო.
„საბოლოო ჯამში ნაბახუსევზე ჰეთ-თრიკი შევასრულე - ყველას დავუმტკიცე, რომ ნიჭიერი ვიყავი, თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, როდესაც ტიერი ანრისა და რობერ პირესთან ერთად თამაშობ“.
საგულისხმოა, რომ პენანტმა „არსენალში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა, საერთო ჯამში პრემიერლიგაში „მეთოფეების“ მაისურით მხოლოდ 12-ჯერ ითამაშა და ვენგერმა ის იჯარით ჯერ „უოტფორდში“, „ლიდსში“ და „ბირმინგემში“ გაუშვა. 2006 წელს პენანტი „ლივერპულმა“ იყიდა, სადაც ინგლისელს უფრო კარგად წაუვიდა საქმე. „წითლების“ რიგებში პრემიერლიგაში მან 55 მატჩი ჩაატარა, ითამაშა 2006-07 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, რომელიც „ლივერპულმა“ „მილანთან“ დათმო.
ასევე საინტერესო ფაქტია, რომ პენანტი არის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია, მაგრამ არასოდეს მიუღია მიწვევა ინგლისის ნაკრებში.