ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„გაჩვენებთ UFC თოფურიას რატომ მიმალავდა“ | ჰოლოუეიმ საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა

ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. „დალოცვილმა“ მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, მსოფლიოს დაანახოს, UFC-ი მას „ელ მატადორს“ რატომ უმალავდა.

„მთელი ცხოვრებაა აუტსაიდერი ვარ და ამაში ახალი არაფერია. ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან წაგებული სამი ჩხუბის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ წონა უნდა შემეცვალა, მაგრამ უმიზეზოდ არაფერი ხდება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს, ქამრის პრეტენდენტის პოზიციაზე დავბრუნდებოდი და მზად ვარ, გადავუარო ყველას, ვინც გზაზე გადამეღობება.

თოფურიასთან მოგება ჩემი კარიერის ტოპ 3 გამარჯვებაში შევა. საჩემპიონო ქამრის პირველად დასაკუთრება და ჩემი კერპის, ჟოზე ალდოს დამარცხება ყოველთვის განსაკუთრებული მიღწევა იქნება და მას ვერაფერი აჯობებს. მეორე ადგილზე UFC 300-ზე მოპოვებულ გამარჯვებას ვაყენებ და ჯასტინ გეიჯისთან ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა, ვიდრე BMF-ის საჩემპიონო ქამრის მოგებაა.

თუ თოფურიასთან სიგიჟეს არ ჩავიდენ, არ მგონია, ილიასთან გამარჯვება მეორე ადგილზე გავიდეს და UFC 300-ის ამბებს გადაასწროს, მაგრამ ჩემი კარიერის ტოპ 3 მომენტს შორის აუცილებლად მოხვდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტიტულს დავეუფლები, მნიშვნელოვანია ისიც, ვის წავართმევ ქამარს. თოფურია ახალი თაობის წარმომადგენელი მებრძოლია, რომელსაც სხვადასხვა უნარები აქვს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

ვერ უარყოფ, რომ ილია ცხოველია, მაგრამ ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის გავალ და მას გამოცდას როდის მოვუწყობ. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, UFC-მ თოფურია დამიმალა და 26 ოქტომბერს (თბილისის დროით, 27-ში) გაჩვენებთ, ეს რატომ გააკეთეს.

თოფურია შესანიშნავი მებრძოლია და ჩემპიონი ტყუილად არ გამხდარა. კარგი კრივი, კარგი ჭიდაობა და ბრწყინვალე ჯიუ-ჯიცუ აქვს. ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ჩემთან არასდროს უჩხუბია. ჰგონია, რომ დამანოკაუტებს და თუ მართლა ასე ფიქრობს, დაე, ასე იყოს, რადგან ოქტაგონზე ილიას საუკეთესო ვერსიის ნახვა მინდა. ყველაფერი ოქტომბერში გამოჩნდება“.

ცნობისთვის, ჰოლოუეის კარიერაში 33 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 26 გამარჯვება და 7 მარცხია. მაქსმა ბოლო სამ ჩხუბში ჯასტინ გეიჯი, „კორეელი ზომბი“ და არნოლდ ალენი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარი: „ომალის MMA-ში არაფერი ესაქმება“
უმარი: „ომალის MMA-ში არაფერი ესაქმება“