სილვინიო
Aa
Aa

მადლობა ქართველ ქომაგებს, ეს ძალიან დასაფასებელია - სილვინიოს პრესკონფერენცია

საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთელმა სილვინიომ „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა.

სილვინიო: „ძალიან დაბალანსებული ჯგუფია, ეს მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ვთქვი. თითოეულ მატჩში გამარჯვება შესაძლოა ერთმა მომენტმა გადაწყვიტოს.

ვილი სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, ძალიან დაბალანსებული. ჩვენი გამარჯვების მიზეზი არ არის ის, რომ საქართველოს ნაკრებმა განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა. არამედ, ჩვენ შანსი გამოვიყენეთ და ერთმა მომენტმა თამაშის ბედი გადაწყვეტა. იმედი მაქვს, რომ ბოლო ორ თამაშშიც დალაგებულ ფეხბურთს ვითამაშებთ''.

სილვინიომ ქართველ ქომაგთა ღირსეულ ჟესტზეც ისაუბრა. ალბანელთა ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს. ამასთან დაკავშირებით სილვინიომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მადლობა ქართველ ქომაგებს პატივისცემისთვის. ფეხბურთი სანახაობაა, ქართველების მხრიდან ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო, ძალიან დასაფასებელია.”

მოგეხსენებათ, ტირანაში ალბანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს, რაც ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო. თბილისში განსხვავებული გარემო იყო.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველო შინ ალბანეთთან 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მილანის „ინტერის'' ფეხბურთელმა კრისტიან ასლანიმ გაიტანა.

ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებისთვის ოქტომბრის თვე წარუმატებელი გამოვიდა, უკრაინასთან მარცხს ალბანეთთან დაკარგული ქულები მოჰყვა. 4 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა. ამდენივე ქულაა ალბანელთა ანგარიშზე. ჯგუფს 4 ტურის შემდეგ ჩეხეთი 7 ქულით ლიდერობს, უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები