ზედიზედ მეორე მარცხი - 6-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დასრულდა
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ალბანეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. ალბანელებმა ჩვენი ქვეყნის გუნდის 6-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დაასრულეს და სტუმრად ქართველებს პირველად მოუგეს.
ვილი სანიოლმა სუპერშემტევი შემადგენლობა დააყენა და მოედანზე ერთდროულად ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მიქაუტაძის გამოყვანით, გარკვეულწილად ვა ბანკზეც წავიდა, რამაც როგორც პირველი ტაიმიდან გამოჩნდა, აშკარად არ გაამართლა, რადგან დაცვაში მწყობრად და ორგანიზებულად მოთამაშე ალბანელებს სწრაფ კონტრშეტევებზე გადასვლა და გიორგი მამარდაშვილის კარისთვის ხიფათის შექმნა კარგად გამოსდიოდა.
თუმცა, გაცილებით უფრო მეტი და რეალური მომენტები მასპინძლებს ჰქონდათ, რომელთა შორისაც უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავი ზურიკო დავითაშვილის საგოლე შანსი იყო, რომელიც „სენტ ეტიენის“ შემტევმა თავად შეიქმნა. მე-11 წუთზე ზურიკომ საოცარი ფინტით ერთ მცველს აუარა გვერდი და მისი ურთულესი დარტყმა ალბანელების მეკარე სტრაკოშამ მოიგერია. იქამდე იყო ბუდუ ზივზივაძის მიერ გაფუჭებული შანსი, რომელიც მას ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ შეექმნა. პირველი ტაიმის ბოლოს ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას დუეტი გააქტიურდა, მაგრამ ხვიჩასა და გიორგის მცდელობებს სათანადო შედეგი არ მოჰყოლია.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო - ნედიმ ბაირამი ფლანგზე ოთარ კაკაბაძეს იოლად გასცა და ინდრიტ ტუჩის გადააწოდა ბურთი, რომელმაც კრისტიან ასლანს საგოლედ დაუგორა და მანაც ძლიერი დარტყმით გიორგი მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა. ძალიან მალე ბაირამის სხვაობის ორამდე გაზრდა შეეძლო, რაც დაცვაში უყურადღებო თამაშით იყო გამოწვეული, მაგრამ მას მიზანმა უმტყუნა. შესვენების შემდეგ პირველი საგოლე შანსი მასპინძლებმა კვარაცხელიას არაჩვეულებრივი პასის შემდეგ შექმნეს, რომელიც ზურიკომ მიიღო, მიქაუტაძეს დაუგორა და მან ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
76-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველები ზურიკო დავითაშვილის წაქცევისთვის 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და საქმეში არც ვიდეორეფერი არ ჩარეულა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ოთარ კიტეიშვილმა სცადა გათანაბრება, მაგრამ მისი გასროლა არაზუსტი აღმოჩნდა.
ამავე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შედგება, სადაც უკრაინა ჩეხეთს უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება. მომდევნო, V ტურში კი ქართველი ფეხბურთელები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინელებს უმასპინძლებენ.