„ჩვენი მიზანი მსოფლიოზე გასვლაა“ | სანიოლის ასისტენტი Mirror-ს ესაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა Mirror-ს ინტერვიუ მისცა. უებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და ცნობილ ბრიტანულ გამოცემას „ჯვაროსნების“ მიზნები გაუზიარა.
„ევროპის ჩემპიონატზე, ბევრი ადამიანი გავაოცეთ, მაგრამ ჩვენი წარმატება ჩვენთვის გასაკვირი საერთოდ არ ყოფილა. ტურნირს ყოველგვარი შიშის გარეშე შევხვდით. ვიცოდით, რომ არანაირი წნეხის ქვეშ არ ვიყავით და კარგად თამაშის შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო.
რომელი მომენტი იყო, როცა სრულად გავაანალიზეთ, რას მივაღწიეთ? ალბათ, როცა პორტუგალიას 2:0-ს ვუგებდით. ვჯობნიდით გუნდს, რომლის რიგებშიც მსოფლიო კლასის ფეხბურთელები და დიადი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ. როცა ოპერატორებმა კადრში ჩვენი პრეზიდენტი გამოაჩინეს, ის ტიროდა და მატჩის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზეც უდიდესი ემოციები იყო. მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ, რაც ისტორიაში აუცილებლად დარჩება.
ერთა ლიგას რაც შეეხება, ვაპირებთ, ეს ტურნირი გამოვიყენოთ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შევხვდეთ. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ესაა - მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. მუნდიალზე თამაში და ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერა საოცარი მიღწევა იქნება. ამ წუთისთვის, ბრწყინვალე პერიოდი გვიდგას და სამომავლო პერსპექტივით მოხიბლული ვარ“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას რამდენიმე საათში გამართავს და თბილისის დროით, 20:00-ზე, ალბანეთს დაუპირისპირდება.