„გაიტანე და ფულს მოგცემ“ | ჯეკ გრილიშის პირობა ტრენტს
ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა ფინეთთან გამართა. „სამი ლომი“ სტუმრის რანგში იყო და საბერძნეთთან განცდილი ფიასკო წარსულში დატოვა. ინგლისმა 3:1 იმარჯვა და გოლები ჯეკ გრილიშმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და დეკლან რაისმა გაიტანეს.
ტრენტის გოლი განსაკუთრებული გამოვიდა. „სამი ლომის“ ფეხბურთელმა თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა. ალექსანდერ-არნოლდმა ფინელთა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო, რის გამოც, გრილიშს მისთვის 500 გირვანქა სტერლინგი აქვს მისაცემი.
„საჯარიმოს შესრულებამდე, ტრენტს ვუთხარი თუ გაიტან 500 გირვანქა სტერლინგს მოგცემ-მეთქი. მან პირდაპირ ცხრიანში დააჭედა და ახლა მისი ვალი მაქვს“, - განაცხადა გრილიშმა მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
სხვათა შორის, 1993 წლის შემდეგ, ტრენტი „ლივერპულის“ პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჯარიმა შეაგდო. ბოლოს ეს ჯონ ბარნსმა გააკეთა და ნიდერლანდებს გაუტანა.