„პარტერში ყოველთვის საშინელი იყო“ | ილია დარწმუნებულია, რომ კონორს დაამარცხებს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა. „ელ მატადორს“ ჰკითხეს, ირლანდიელს დაამარცხებდა თუ არა, რაზეც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ კონორს მასთან შანსი არ ექნებოდა.
„MMA განვითარდა. მაკგრეგორი დგომში ძალიან მაგარი მებრძოლი იყო, მაგრამ პარტერში ყოველთვის საშინლად გამოიყურებოდა. კარიერის პიკში მყოფ კონორს უპრობლემოდ დავამარცხებდი და დაძაბული ბრძოლა საერთოდ არ იქნებოდა. დაე, მან ვისკის დალევა განაგრძოს“.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი ესპანეთში იყო ჩასული, სადაც BKFC-ის (ბრძოლა შიშველი მუშტებით) ღონისძიება უნდა გამართულიყო. კონორმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ილიაზე ილაპარაკა. მაკგრეგორის თქმით, „ელ მატადორის“ სამშობლო ესპანეთი კი არა საქართველოა და თავად უფროა ესპანელი, ვიდრე თოფურია.
სხვათა შორის, მაკგრეგორმა მოახლოებულ ჩხუბზეც ისაუბრა, რომელსაც თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს. ირლანდიელის ვარაუდით, „დალოცვილი“ „ელ მატადორს“ თავის ადგილს მიუჩენს.