„ისე ჩანს, თითქოს ჩემი ეშინია. ცუდად იქცევა“ - უმარი მერაბის შესახებ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზონის რუსმა მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, უმარ ნურმაგომედოვმა TMZ Sports-თან ინტერვიუს დროს „ქართველი მანქანის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბს მისი ეშინია.
რას ამბობს ნურმაგომედოვი:
„ომალი საშინელი მებრძოლია. გრეპლინგი და ჭიდაობა არ უვარგა და არც ცდილობს, რომ ეს კომპონენტი გამოასწოროს... ის სულელივით იბრძვის, დარტყმას ელოდება და გარბის. სირბილით მერაბ დვალიშვილის დამარცხებას ვერ შეძლებ“.
„ახლა, მერაბი ცდილობს, რომ ჩემს სახელს თავი აარიდოს, ცდილობს მითხრას, რომ სატიტულო ბრძოლა არ დამიმსახურებია... თუ UFC მას ჰკითხავს, თუ ვისთან ბრძოლას აირჩევს - ჩემთან თუ ვინმე სხვასთან, ვფიქრობ, ასივე შემთხვევაში სხვას აირჩევს“.
„მერაბი როგორც მებრძოლი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, ჩემპიონი გახდა და რეკორდები დაამყარა. საოცარია, თუ როგორ მივიდა ჩემპიონობამდე. სადღაც მშენებლობაზე მუშაობდა, შემდეგ კი ჩემპიონი გახდა, ეს ფილმის სიუჟეტია“.
„მე უბრალოდ ბრძოლა მინდა, მინდა, რომ ამ საქმით ვიყო დაკავებული და ვიაქტიურო. თუ რამადანის დაწყებამდე არ გადაწყვეტს ჩემთან ბრძოლას - იანვარში, ან თებერვალში, მაშინ სხვა მებრძოლს მოვძებნი. თავადაც კარგად იცის, რომ რამადანის დროს ვერ ვიბრძოლებ და მეუბნება, რომ მარტში ვიჩხუბოთო... საინტერესოა, როგორ აპირებს ასე ჩემთან ბრძოლას... მისი საქციელი ძალიან ცუდად გამოიყურება... ისე ჩანს, რომ ჩემთან ჩხუბს თავს არიდებს, თითქოს შეშინებულია“.
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ვე გამარჯვებით დაასრულა. წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა ბოლოს კორი სანდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება მერაბს, „ქართველი მანქანა“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 16 სექტემბერს გახდა. დვალიშვილმა ქამრისთვის ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.